პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილს ხელისუფლების ოპონენტად არ მიიჩნევს

საქართველოს პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილს ხელისუფლების ოპონენტად ვერ ხედავს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ექსპრემიერის მიერ საპატიმროს დატოვებაზე ჰკითხეს.

„არ ვხედავ [ხელისუფლების ოპონენტს], საერთოდ ვერ ვხედავ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამ ხელისუფლების დამხობის მერე ციხის კარი გაიღება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება, – ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებზე.

7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეების განხილვა ამ დრომდე გრძელდება და ბრალდების რიგით მეექვსე საქმეზე განაჩენი მალევე უნდა გამოცხადდეს.