სერიიდან “ძრწოდე, რუსეთო!”- ესტონეთი მოსკოვს საქართველოს გამო პასუხს აგებინებს

კუმ, ანუ, ამ შემთხვევაში ესტონეთმა, ფეხი გამოყო და თავისი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით გამოეხმაურა გასულ წელს საქართველოში სახელისუფლებო ინტერნეტ-საიტების გათიშვას, რაც “დასავლელი პარტნიორების” მტკიცებით, რუსეთის არმიის გენერალურმა შტაბმა განახორციელა.

„ვუერთდებით საქართველოს, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების განცხადებას, რომელიც საქართველოში 2019 წლის ოქტომბერს განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობას რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს (გრუ) აკისრებს. ამ კიბეროპერაციის მიზანი იყო ქართული სახელმწიფოს დისკრედიტაცია და დაბნეულობის შექმნა. ეს უგუნური საქციელი კიდევ ერთხელ ცხადყოფს რუსეთის უპატივცემულობას პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო ქცევის ნორმებისადმი, აგრეთვე ამცირებს სტაბილურობას კიბერსივრცეში. არალეგალური კიბეროპერაციების პრაქტიკის შედეგად, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს არსებული საერთაშორისო ნორმებისა და ხელშეკრულებების შესაბამისად. ბოლოდროინდელი მავნე კიბეროპერაციები რუსეთის მიერ ჰიბრიდული და დივერსიული მოქმედებების ნაწილია, რომელიც მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო არჩევნების ჩატარებას, “სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ სიტუაციის გაუარესებას და დეზინფორმაციის კამპანიის გააქტიურებას. კიბერთავდასხმები და რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ განხორციელებული სხვა აქტიური ზომები საქართველოს ტერიტორიებზე, ისევე როგორც ევროკავშირისა და ნატოს მოკავშირეების ტერიტორიებზე, მიუღებელია და უნდა შეწყდეს“, – ნათქვამია ესტონთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ესტონეთთან ერთად, რუსეთს თავისი შეშფოთებით დანიის სამეფოც აშინებს, თავის გრენლანდიასთან ერთად:

„დანია იზიარებს ღრმა შეშფოთებას რუსეთის მავნებლური კიბერაქტივობების გამო და განაგრძობს მშვიდობიანი, თავისუფალი, ღია და დაცული კიბერსივრცის ხელშეწყობას”, – ნათქვამია Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.