ვანო მერაბიშვილი არის “მეტრუპე.” – თეა წულუკიანი

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები გაკეთდა სახელისუფლებო გუნდში. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვანო მერაბიშვილი მალე მიხვდება, რომ რეალურად ის პოლიტიკური სურათი აღარ არის ქვეყანაში, რომელიც მან ციხეში შესვლამდე, 7 წლის წინ დატოვა.

“როდესაც პატიმარი რამდენიმე წუთის გამოსულია საპატიმროდან, რა თქმა უნდა, მას აქვს დეფორმირებული განცდა რეალობის. ბატონ ვანო მერაბიშვილს მოუწევს დროსთან ერთად იმის შეფასება, თუ რა დატოვა და რა დახვდა. მაგალითად, ნახავს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” სულაც აღარ არის ერთიანი, ეს არის დაქსაქსული ძალა და შემდეგ ამ დაქსაქსული ელემენტების დეგრადირების ხარისხის შეფასება მოუწევს. მოუწევს გაიაზროს რომ ის რეალურად, ქცეულია მისი ყოფილი პოლიტიკური ძალის დანაყოფებისთვის პოლიტიკურ და პიარულ ცხელ კარტოფილად, რომელიც არავის ალბათ არ უნდა. როგორც თავად ეს ტერმინი გამოიყენეთ ერთ-ერთ ვიდეოში, არის “მეტრუპე.”  შესაბამისად, არ შეიძლება, რომ “მეტრუპე” ვინმეს უნდოდეს თავისთან“ – განაცხადა თეა წულულკიანმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილს, პირველ რიგში, ის ადამიანები გასცემენ პასუხს, რომლებიც მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალდნენ.

“ივანე მერაბიშვილი არის მსჯავრდადებული და მხილებული უმძიმესი დანაშაულების ჩადენაში. კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი, კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ე.წ. ლიდერი შეუერთდა იმ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერების ჯგუფს, რასაც წარმოადგენს “ნაცმოძრაობა,” მის სატელიტ პარტიებთან ერთად. ამ ადამიანს პასუხს გასცემენ ის დაზარალებულები, იმ სისტემური დანაშაულის მსხვერპლი ადამიანები, ვინც მან გააუბედურა და უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.