„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიცია დღეს ისევ შეიკრიბება. მათი მთავარი განსახილველი საკითხი სავარაუდოდ მაჟორიტარული ოლქებისთვის საერთო კანდიდატების შერჩევა იქნება.
იმსჯელებენ ასევე 4 აპრილს დაგეგმილ გამაფრთხილებელ აქციაზეც. შეუერთდება თუ არა მათ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, რომელმაც სასჯელაღსრულების დატოვების შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნებაზე ისაუბრა, მათთვის უცნობია.
თუმცა ოპოზიციური პარტიების ნაწილმა უკვე ღიად დააფიქსირა, რომ ისინი ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას არ აპირებენ.
ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ მმართველი გუნდის ახალ შეთავაზებაზე, რომელიც მათთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გულისხმობს. მათი თქმით, ხელისუფლებამ უგულავას დაკავებით, წითელი ხაზი გადაკვეთა, ამიტომ დიალოგის რეჟიმში დაბრუნებას არ აპირებენ.
უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.