ამერიკული დაზვერვა mail.ru-ს ვერ აკონტროლებს, ამიტომ საქართველოში მოქმედი ამერიკული პროპაგანდა მას კრიმინალად აცხადებს

ამერიკული პროპაგანდის ოფიციალური მედიასაშუალება – “რადიო თავისუფლება”, აღშფოთებულ-შეშფოთებულია ქართველი საჯარო მოხელეების მიერ რუსულ სერვისზე – mail.ru-ზე გამოყენებული ელექტრონული ფოსტის არსებობით.

გამაოგნებელია აშშ-ის ამ ოფიციალური პროპაგანდისტის ლოგიკა. მკითხველებმა თავად განსაჯეთ:

“ომარ მახარაძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და საკრებულოს ყოფილი წევრია, რომელმაც საკანონმდებლო ორგანო მას შემდეგ დატოვა, რაც სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ის ერთ-ერთია იმ ათეულობით ქართველ საჯარო მოხელეს შორის, რომელიც ოფიციალურ ელექტრონულ მისამართად რუსულ იმეილ სერვისს იყენებს”წერს “რადიო თავისუფლება”.

როგორ მოგწონთ, პატივცემულო მკითხველებო? სტუდენტის სექსუალური შევიწროება (ისიც არ დამტკიცებული), რა კავშირშია რუსულ დომენთან და საფოსტო სერვისთან?! რატომ აჟრიალებთ ასე “რადიო თავისუფლების” ქართულ რედაქციაში?! გასაგებია, რომ უნდათ რუსული სერვისის დისკრედიტაცია, მაგრამ რატომ მიიჩნევენ ქართველ მკითხველებს დეგენერატებად?!

ისე, კაცმა რომ თქვას, ნეტავ სულ ეს იყოს საქართველოს უსაფრთხოების პრობლემა – ჩხოროწყუს გამგებლის მოადგილის ნათესავი რომელ ფოსტას მოიხმარს! რაც შეეხება საჯარო პირების მიმოწერის კონფიდენციალობას, მას ასი პროცენტით ვერც რუსული და ვერც ამერიკული სერვისი ვერ (და არ!) უზრუნველჰყოფს. ყველა ქვეყნის სპეცსამსახური ეცდება, რომ თუნდაც “არასაჭირო” და “ზედმეტი” ინფორმაცია ჰქონდეს. ისინი ქართველი ჩინოვნიკების საფოსტო ყუთებშიც სიამოვნებით “შეაჭყიტებენ”, თუკი მოისურვებენ.

განსხვავება ისაა, რომ ამერიკელებს არ აქვთ წვდომა “mail.ru”-ზე, რომელიც თავიდან ბოლომდე რუსული სერვისია. ამიტომაც შფოთავს “რადიო თავისუფლება”. ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ეს კონკრეტული სტატია “რადიო თავისუფლებაზე” ამერიკული სპეცსამსახურების დაკვეთაა; შესაძლოა, საამისოდ ადგილობრივმა ჟურნალისტებმა მოიცალეს და ოფიციალური რუსოფობიის ინსტრუქციების მიხედვით მოძებნეს ახალი თემა. მაგრამ, ასეა თუ ისე, ეს ქართულ ინტერნეტ-სივრცეს უსაფრთხოს არ ხდის.

ინფორმაციის მეტი დაცულობისათვის საჭიროა საკუთრივ ქართული ინტერნეტის განვითარება, მაგრამ სასურველი შედეგებისგან ჯერ ამ სფეროშიც ისევე შორს ვართ, როგორც სოფლის მეურნეობაში, მანქანათმშენებლობაში, ფერად და შავ მეტალურგიაში და ეკონომიკის უამრავ სხვა დარგში.

თუმცა ამ ეტაპზეც არის შესაძლებელი, უზრუნველვყოთ საჯარო მოხელეების საფოსტო მიმოწერისა და მათ ფოსტაში თავმოყრილი ინფორმაციების ელემენტარული დაცულობა. ეს საშუალებაა ოფიციალური, კორპორატიული საფოსტო მისამართი, შესაბამისი ქართული დომენის და სერვერის გამოყენებით. “რადიო თავისუფლების” ამავე სტატიაში ციტირებულია კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული ქართული კომპანიის მმართველი პარტნიორი მიხეილ ბასილაია, რომელიც პროპაგანდისტებს ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, პროფესიონალურ ენაზე, ეუბნება:

“სახელმწიფო სტრუქტურებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება უსაფრთხოების სხვა ღონისძიებების გატარება, როდესაც თანამშრომელი არაკორპორატიული მეილ სერვისით სარგებლობს. მაგალითად, როგორც კი საჯარო მოხელე ტოვებს პოზიციას, მას უნდა ეზღუდებოდეს წვდომა სამსახურებრივ ინფორმაციაზე. mail.ru-ს ან ნებისმიერი სხვა კერძო მეილ სერვისის შემთხვევაში კი შეუძლებელია სახელმწიფო სტრუქტურამ გააკონტროლოს ყოფილი თანამშრომლების წვდომა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, რაც მეილებში შეიძლება იყოს თავმოყრილი. ”

როგორც ხედავთ, ბ-ნი ბასილაია ამბობს, რომ მარტო “მეილ.რუ” კი არა, ნებისმიერი სხვა კერძო მეილსერვისი არის პორბლემაო. ამას ხაზგასმით აღვნიშნავთ, რადგან ამერიკის პროპაგანდისტები “რადიო თავისუფლებიდან” პროფესიონალის სიტყვებს ჩქმალავენ და საქმე ისე გამოჰყავთ, თითქოს კერძო სერვისი მხოლოდ რუსული “მეილ.რუ” შეიძლება, რომ იყოს. თითქოს ამერიკული სერვისები – gmail.com, yahoo.com და სხვები უსაფრთხოა და მათ გამოყენება ქართველ ჩინოვნიკებს უნდა შეეძლოთ…

“რადიო თავისუფლების” სტატიაში ერთმანეთზეა დახვავებული ანტირუსული სტერეოტიპები, სურათიც კი დაადეს სტატიას, როგორ “მიფრინავენ” mail.ru-დან გაგზავნილი წერილები პირდაპირ… კრემლში. ამაზე მეტი ინფანტილიზმი და არაპროფესიონალიზმი წარმოუდგენელია, მაგრამ “რადიო თავისუფლებისთვის” მთავარი პროფესია ჟურნალისტიკა არ არის, მთავარი პროფესია – დეზინფორმაციული პროპაგანდის წარმოებაა.

ანტირუსულ ისტერიას არაფერი კარგი არ მოუტანია არც ერთ სფეროში, საქართველოს გაჩანაგების და ჩამორჩენილობის გარდა. ასევე იქნება ინტერნეტის სფეროშიც. დროა, გონს მოვეგოთ და კარგი ჭიტლაყი ამოვკრათ “რადიო თავისუფლებასაც” და მის მსგავს ყველა მატყუარას.

P. S. ინფორმაცია “ისე, უბრალოდ”, მინაწერის სახით:

WhatsApp-ის პრივატული ჯგუფები იოლად ხელმისაწვდომია მათთვის, ვინც ამ ჯგუფებში არ არის გაწევრიანებული. ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარი ჟურნალისტის გამოკვლევაზე დაყრდნობით გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

WhatsApp-ში, ჯგუფში ბმულის მეშვეობით მოწვევის ფუნქცია ნიშნავს, რომ პირებს საშუალება ეძლევათ სხვებს გაუზიარონ წვდომა თავიანთ პრივატულ ჯგუფებზე. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ფუნქცია Google-ის საძიებო სისტემის მიერ ინდექსირებულია.

WhatsApp-ის ათასობით ჯგუფის, მათ შორის პრივატულის, ნახვა და მათში გაწევრიანება შესაძლებელია ინტერნეტში ძებნის შემდეგ. აღნიშნული პროგრამული შეცდომა გამოცემის ჟურნალისტმა ჯორდან უილდონმა აღმოაჩინა.

„WhatsApp-ის თქვენი ჯგუფები შესაძლოა არც ისე დაცულია, როგორც თქვენ ეს გგონიათ“, – წერს ჟურნალისტი.

Facebook-ს, რომელსაც WhatsApp ეკუთვნის შესაძლოა სცოდნოდა ამ პრობლემის შესახებ სულ მცირე 2019 წლის ნოემბრიდან, როდესაც მათ ერთ-ერთ მომხმარებელს ამ პრობლემასთან დაკავშირებით უპასუხეს.

პასუხში აღნიშნული იყო, რომ კომპანია გაოცებული იყო იმით, რომ ბმულები Google-ის მიერ იყო ინდექსირებული და რომ კომპანიას არ შეუძლია სრულად აკონტროლოს თუ რას აინდექსირებენ საძიებო სისტემები. – იუწყება “იმედინიუსი“.