თეირანი კორონავირუსის პირისპირ – შეწყვეტს თუ არა საქართველო ირანთან ავიამიმოსვლას

ბოლო მონაცემებით ირანში ახალ კორონავირუსს 5 ადამიანი ემსხვერპლა. იქნება თუ არა, ირანთან ფრენების შეწყვეტა კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი მექანიზმი – დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ქვეყანაში კარანტინისათვის რამდენიმე ადგილი უკვე მოწყობილია. მათ შორის არის, საჩხერის კლინიკასთან არსებული სასტუმრო, სადაც 2-კვირიან კარანტინს საქართველოს 34 მოქალაქე გადის. ისინი ქვეყანაში გუშინ, ჩინეთიდან დაბრუნდნენ. კორონავირუსის სიმპტომი ამ დრომდე არცერთს არ გამოვლენია.

საქართველოში კორონავირუსის სავარაუდო სიმპტომების გამო, ლუგარის ლაბორატორიაში 20-მდე პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. არცერთ მათგანზე დადებითი პასუხი არ დაფიქსირებულა.