4 ქართველი მეზღვაური ამ დრომდე ტყვეობაშია – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, მეკობრეები კონტაქტზე ამ დრომდე არ გამოსულან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს აქტიური კომუნიკაცია აქვთ როგორც გემთმფლობელ კომპანიასთან, ასევე იმ ქვეყანასთან, რომლის დროშითაც ტანკერი ცურავდა.
“ჩვენ აღნიშნულ პროცესში აქტიურად ვართ ჩართულები, ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, როგორც გემთმფლობელ კომპანიასთან ასევე, დროშის სახელმწიფოსთან. ამ დროისათვის აბსოლუტურად ყველა ღონისძიება გატარებულია, ვართ კომუნიკაციაში ოჯახის წევრებთან და ვაწვდით ინფორმაციას,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.
შეგახსენებთ, შემთხვევა აფრიკაში ქალაქ ლაგოსთან 20 თებერვალს მოხდა. მეკობრეებმა 24 კაციანი ეკიპაჟის 10 წევრი გაიტაცეს. მათ შორის საქართველოს 4 მოქალაქეა.