შრომის უფლებების მეტად დასაცავად, ახალი დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანება დაფუძნდა. ორგანიზაციის მიზანი ყველა პირის შრომითი უფლებების დაცვაა.
ორგანიზაცია სამი დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის “სოლიდარობის ქსელის”, “ერთობა 2013”-ისა და სოციალურ მუშაკთა გაერთიანების შერწყმით დაფუძნდა.
“ჩვენი ორგანიზაცია კანონშემოქმედებითი იქნება, რომლის გამოცდილებაც გვაქვს და პარლამენტშიც გვაქვს პარლამენტში წარდგენილი ბექა ნაცვლიშვილთან ერთად რამდენიმე კანონპროექტი შრომის კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია საქართველოში შეიცვალოს კანონმდებლობა, დასაქმებული მშრომელი ადამიანებისათვის,” – განაცხადა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანების თავმჯდომარემ ზაზა ბარბაქაძემ.
პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა ახალ გაერთიანებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციაში ის ადამიანები არიან გაერთიანებული, რომლებმაც შედეგს ბრძოლის საფუძველზე მიაღწიეს.
“ეს გაერთიანება სხვადასხვა დარგის პროფესიულ კავშირებს აერთიანებს. ხაზი მინდა გავუსვა მათ დამოუკიდებლობას, რადგან ეს არ არის საბჭოთა ინერციის შედეგად შექმნილი პროფკავშირი, ეს არის ახალი გაერთიანება, სადაც წარმოდგენილი არიან ის ორგანიზაციები, რომლებმაც თავიანთი ბრძოლის საფუძველზე მიაღწიეს შედეგს,” – აღნიშნა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა.