25 თებერვალს ვულოცავ ყველა იმ ქართველს ვისაც გააზრებული აქვს ამ თარიღის მნიშვნელობა და არ მოქცეულა იმ გაბატონებული (ცრუ) აზრების ტყვეობაში, რომელსაც 30 წელია აფრქვევს ყველანაირი დაწესებულება ამ ,,დამოუკიდებელ” საქართველოში.
25 თებერვალი ეს ის თარიღია, რომელიც შეიძლება დავაყენოთ დიდგორის და გეორგიევსკის გვერდით.
ჩვენი მსჯელობა არის დიალექტიკური. ის ემყარება იმ ანალიზს რომელიც ფაქტების, მოვლენების, ისტორიული წყაროების დაკვირების შედეგად არის მოპოვებული.
ამ 30 წლიანი პერიოდის გადასახედიდან 25 თებერვლის სიდიადე თვალნათელია. რომ არა ეს თარიღი, ქართული სახელმწიფო კი არა, ქართული ეთნოსი არ იარსებებდა! ამ ტერიტორიაზე იქნებოდა თურქეთი და გადაგვარებული, ათქვლეფილი ქართველი ერის ნაშთები. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს?
1. ,,ეროვნული” მთავრობის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლა ქართველი ერის საზიანოდ.;
2. თურქეთის მზარდი აგრესიული პოლიტიკა ეულად დარჩენილი საქართველოს მიმართ.
30- წლიანი სიცრუე მოგვითხრობს, რომ მენშევიკების დროს საქართველო გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. გაგვახსენეთ 1918 წლის აპრილი, ჩვენო პროდასავლეთო პოლიტიკოსებო. რატომ გადააფარეთ ფარდა და ინახავთ საგულდაგულოდ? საქართველოს დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ არ ცნო თურქეთ-რუსეთს შორის დადებული ბრესტის ზავი! ამით გათამამებული თურქეთი გადმოვიდა შეტევაზე. აიღო ბათუმი, ოზურგეთი, ახალქალაქი და საფრთხე დაემუქრა თბილისს. ვინ შეაჩერა თურქეთის ჯარის წინსვლა და ვინ დაახევინა მათ უკან? ,,ოკუპანტმა” რუსეთმა. რუსეთის საგარეო უწყებამ საპროტესტო ნოტა აფრინა, სადაც თურქეთს მოუწოდებდნენ ბრესტის ზავის პირობების დაცვას, თორემ…
თურქეთიც უკან გაბრუნდა, მაგრამ ჩვენმა მთავრობამ ისევ მოიწვია! 1918 წლის 4 ივნისს. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთი კვირის თავზე. საქართველო თურქეთის საზავო ხელშეკრულებით საქართველოს ეროვნულმა მთავრობამ თურქეთს დაუთმო ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი, ახალქალაქის მაზრა სრულად და ახალციხის მაზრის ნაწილი. სამაგიეროდ კი თურქეთიდან მეორე დღეს მიიღო ოფიციალური ცნობა საქართველოს სახელმწიფოსი. აი ასეთი ღალატის ისტორიები მენშევიკების სამწლიან მმართველობაში უამრავია.
განსაკუთრებით მოსაგონებელია ქართული საეკლესიო განძის გატაცება, გაყიდვა და საფრანგეთში ლევილში მამულის ყიდვა და იქ განცხრომით ცხოვრება. სხვათა შორის, განძის გატაცებაში მონაწილეობას თვით ექვთიმე თაყაიშვილი იღებდა /ჩვენი კატეგორიული აზრით, ექვთიმე თაყაიშვილის მიმართ სიტყვა “გატაცება” ამ კონტექსტში არასწორია. გატანაში – შესაძლოა; ეს განძი, რაც მას ებარა, შეინახა კიდეც ექვთიმე ღვთისკაცმა და უკან ჩააბარა სამშობლოს – “ნიუსფრონტი”/. ის იყო მთავრობიდან მივლენილი გელათის მონასტერში. აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ გრიგოლ ონიანის მიერ გამოქვეყნებული კვლევა. პატრიარქ ლეონიდეს ღრმაშინაარსიანი და გააზრებული წერილი. პატრიარქმა იგრძნო მენშევიკების სიხარბე საეკლესიო ქონების მიმართ და ყველანაირად წინ აღუდგა მათ ბოროტ განზრახვას, თუმცა ამაოდ. გატაცებული იქნა 160 ყუთი განძი. აქედან 120 გაყიდეს გაანიავეს და მხოლოდ 40, ისიც სტალინის სახელით, იქნა უკან დაბრუნებული.
აიამ ყველაფერს ჩქმალავთ და გვთავაზობთ ბლეფს. მაგალითად, მაშინდელი მოღვაწეების განდიდებას და დღეს უკვე ეროვნული გმირებად წარმოჩენას. თავადი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი – რუსეთის იმპერიის დროს განცხრომაში ცხოვრობდა და არ ადარდებდა საქართველოს ბედი, რომელიც რუსეთს ქონდა დაპყრობილი. მისი გამოსვლა ან მოწოდება არავის ახსოვს. საქართველოს დამოუკიდებლობის დროსაც არ გამოირჩეოდა აქტიურობით, მაგრამ შემოვიდნენ წითლები და მიადგნენ მის მამულს. ჩამოართვეს მიწები და გაუნთავისუფლეს ყმები /უფრო სწორად, მოჯამაგირე გლეხები, ვინაიდან ბატონ-ყმობა დიდი ხნის გაუქმებული იყო – “ნიუსფრონტი”/. ქაცუცა დადგა შიმშილის წინაშე და მაშინ მოაგონდა, რუსეთმა რომ დაიპყრო საქართველო. გენერლები მაზნიაშვილი, აფხაზი და კვინიკაძე. ეს გენერლები იყვნენ ბრძანების შემსრულებელი გენერლები. როცა უბრძანებდა ცარიზმი, ემსახურებოდა მეფის რუსეთის ინტერესებს. მაშინ ბედკრული საქართველო ვის ახსოვდა, პორტ-არტურში დიდება ჩვენ მეფე ნიკოლოზსო, რომ იძახდნენ?
მარო მაყაშვილი ეს იყო 19 წლის სტუდენტი, რომელიც დღეს წითელ არმიასთან მებრძოლ გმირად ყავთ წარმოჩენილი. როგორ გგონიათ, თუ მარო წითელ არმიასთან ბრძოლაში დაიღუპა, მამამისს, კოტე მაყაშვილს, ბოლშევიკები საქართველოს პროლეტარულ (მაშინ ასე ერქვა) მწერალთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის პოსტს ჩააბარებდნენ? დღეს ვინმემ იცის, მაროს მამა მწერალთა კავშირს რომ თავჯდომარეობდა? მარო კიდევ მხოლოდ მედდა რომ იყო და სამხედრო ოფიცრებისგან მიტოვებულ თავის ტოლ იუნკერებს უწევდა სამედიცინო დახმარებას. იუნკერები ბრძოლის დროს მიატოვეს მენშევიკებმა და ბათუმის პორტში საეკლესიო განძით ხელში გემს ელოდნენ გასაქცევად. ალბათ უძლეველი მხედართმთავარი ყვარყვარე პოლიკარპემ მათგან ისესხა. (როგორც ზოგიერთები წითელ ხიდთან იდგა და ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მიატოვა 2008წ). კონსტანტინე გამსახურდია წერდა მარო მაყაშვილის შესახებ:
“…ჩემს თვალწინ სანიტარულ ეტლს დაეცა ყუმბარა და თვრამეტი წლის ქალწული, შროშანივით ნაზი არსება, ჭიანჭველასაც რომ არ გასრესდა ფეხით, აიტაცა ასეთმა ყუმბარამ და იმ ადგილზე მხოლოდ ადამიანის სხეულის ნამუსრევები ვიპოვნეთ მერმე…”
მოსალოცი ნამდვილად არაა მენშევიკების მიერ გაწირული იუნკერების (ყველა გლეხის შვილი იყო, არცერთი არ იყო მათი შვილი) და მარო მაყაშვილის სიკვდილი. მოსალოცია დასავლეთის კოლონიური მმართველობის გადაგდება, რომელიც ქართველ ერს ფიზიკურად გააქრობდა, როგორც აქრობს ახლა.
30 წელი გავიდა პოსტსაბჭოთა საქართველოდან და ისმის მხოლოდ ამ თარიღის – 25 თებერვლის გინება. თქვენ (მთავრობას მივმართავ) რა გააკეთეთ ამ ხნის მანძილზე? მრეწველობის ერთი დარგი მაინც თუ ააღორძინეთ? რაიმე პროდუქციას აწარმოებთ? რაკეტებზე, მატარებლებზე, ავტომობილებზე ტელევიზორებზე, ტელეფონებზე, კომპიუტერებზე არ მაქვს საუბარი. მაგალითად ველოსიპედს უშვებთ, ან საცელავ აგრეგატს, ან სათადარიგო ავტო ნაწილებს? ,,კალოშები” ვერ გაგიკეთებიათ ირანიდან ჩამოგაქვთ და რა გაქვთ სალაპარაკო? ერთი ღირებული მხატვრული ტილო არ შექმნილა მთელი ამ ხნის განმავლობაში. ერთი ნორმალური ლექსი არ დაწერილა, ერთი მოთხრობა… მაშინ კიდევაც იქმნებოდა და დღითი დღე უმჯობესდებოდა ცხოვრება. იაფდებოდა ყველაფერი. ან სულაც უფასო ხდებოდა. რა გაქვთ თქვენ სხვისი დასაცინი? ვის რა უნდა გაცინოთ. ცხონებული ბრეჟნევი რომ ცოცხალი იყოს ყველას უკლებლივ განსაკუთრებით ოპოზიციას, თქვენი ქცევიდან წივილ კივილიდან, უშვერი სიტყვებიდან გამომდინარე შეგყრიდათ საგიჟეში სამკურნალოდ, ხალხიც დაისვენებდა და ქვეყანაც. მაშინ არავინ აფასებდა ამ საქციელისთვის ლეონიდ ილიჩს, მაგრამ ხომ ყოფილა დასაფასებელი? თქვენ ტელევიზორში გამოსაჩენად ვარგხართ? გადააგვარეთ ხალხი თქვენი ზღვარგადასული საქციელების შემყურე.
როგორც ალექსანდრე დიუმა იტყოდა: “მე არ მსურს იმ სამყაროში ცხოვრება, სადაც შენ ყველაფერი გაქვს და მე არაფერი!”
თქვენ ყველაფერი გაქვთ, ხალხს მხოლოდ ფარატინა ფურცელი რომელზეც დამოუკიდებლობა წერია. ამიტომ გლოვობთ 25 თებერვალს. თქვენ, თქვენი მეგობარი თურქეთი და დასავლეთი.
ამიტომ მადლობა სერგო ორჯონიკიძეს, და იოსებ სტალინს საქართველოს გადარჩენისთვის. გაგინებენ უგნურნი, პატივს მიგაგებენ ისინი, ვისაც გააზრებული ჰქონდათ მაშინდელი ქვეყნის მდგომარეობა. მაინც რა მოკრძალებული ხალხი ყოფილა ბოლშევიკები))) რა გასაბჭოების დღე. 25 თებერვალი ქართველი ერის ხსნის დღე ყოფილა!
ირაკლი დოჭვირი
წყარო: საკუთარი “ფეისბუკ”-გვერდი
შენიშვნა: “ნიუსფრონტი” ტრიბუნას აძლევს ყველა მსურველს და ყველა მოსაზრებას. შესაძლოა ავტორის აზრებს არ ემთხვეოდეს რედაქციის მოსაზრება. თუმცა ირაკლი დოჭვირის მოსაზრებები აშკარად ფაქტებზე არის აგებული და ბევრ მწარე სიმართლეს შეიცავს.