ნინო ბურჯანაძე დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად აშშ-ის საელჩოში ვახშამზე გახლდათ. საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს სადილზე უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და გერმანიის ელჩი ჰუბერტ კნირში.
საელჩოში სტუმრობის შემდეგ, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა:
„ერთმნიშვნელოვნად მინდა გითხრათ, ეს არ იყო მოლაპარაკებების რაუნდი. ჩვენ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა მიგვიწვია თავის რეზიდენციაში, რაც არის ჩვეულებრივი დიპლომატიური პრაქტიკა, იმიტომ რომ ჩვენი მეგობარი ელჩები, საერთაშორისო თანამეგობრობა, ისევე როგორც თითოეული ჩვენგანი ვწუხვართ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო. იყო, ბუნებრივია, გამოთქმული სურვილი, რომ მოძებნილ იქნას გამოსავალი ამ ვითარებიდან, რათა ქვეყანაში პოლიტიკური ძალები, როგორც სახელისუფლებო ასევე ოპოზიციური, გადავიდეს ნორმალურ საარჩევნო ვითარებაში და იყოს მაქსიმალურად სამართლიანი საარჩევნო გარემო. ბუნებრივია ამ მიმართულებით აზრთა გაცვლა-გამოცვლას ჰქონდა პოზიტიური მნიშვნელობა. იმისათვის რომ შევჯერებულიყავით ან დათმობა ყოფილიყო, მაგისთვის მოლაპარაკება და რაუნდი უნდა ყოფილიყო. ეს არ იყო მოლაპარაკების რაუნდი. ეს იყო ხედვების და მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა და მცდელობა, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს ნაპოვნი”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ასეა თუ ისე, ვისთვის როგორ, მაგრამ ნინო ბურჯანაძისთვის მიუღებელი უნდა ყოფილიყო როგორც გრიშა ვაშაძესთან და გიგა ბოკერიასთან ერთად “ოპოზიციონერობა”, ისე აშშ-ის საელჩოს შენობაში საქართველოს ბედ-იღბალზე მსჯელობა, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა.