“ხალხი დაიღალა 30 წლის განმავლობაში ერთი და იმავე სახეების ყურებით”

“ქართველი ხალხი დაიღალა 30 წლის განმავლობაში ერთი და იმავე სახეების ყურებით” – განაცხადა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული)“ პარტიის წარმომადგენელმა გიორგი კარტოზიამ.

“ჩვენ კარგად ვხედავთ და ვგრძნობთ იმას, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აწყობს ე.წ. ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რადგანაც ყოველთვის ექნებათ წამოსაძახებელი 9 წლის ამბავი. ჩვენ ვთავაზობთ საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ეროვნული იდეოლოგია გააჩნია: გვინდა, შევქმნათ გაერთიანება „ზნეობრივი საქართველო“, სადაც გავაერთიანებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც არ იყო მიმხრობილი არც სააკაშვილს და არც დღევანდელ ხელისუფლებას“ – აღნიშნა კარტოზიამ, რაც, ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილსეული “შუას გაკრეფის” საპირისპირო “შუას გაკრეფაა”.

პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობრავას თქმით, ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსავალს არც ხელისუფლება გვთავაზობს , არც ოპოზიცია.

ირაკლი კობრავა საკუთარ თავსა და თანაგუნდელებს მოიაზრებს “ნაცებთან” და “ქოცებთან” დაპირისპირებულ ძალად, რომელსაც წარსულში არც შევარდნაძის ხელისუფლებისთვის დაუჭერია მხარი და არც 1991-92 წლების შეიარაღებულ დაპირისპირებაში არ მიუღია მონაწილეობა. სხვა მხრივ კი მონარქისტები საქართველოს ყველა კრიზისულ პერიოდში ედგნენ გვერდში, აწ განსვენებული თემურ ჟორჟოლიანის ხელმძღვანელობით, რომელსაც ყველა ხელისუფლება, განსაკუთრებით კი სააკაშვილი, სდევნიდა და ციხეში სვამდა:

“72 კაცი დაგვაპატიმრეს , ოფისები დაგვირბიეს,სახლებში შემოგვივარდნენ. ისეთი ოპერაცია ჩატარდა, მიშამ თქვა, ეს არის საუკუნის ოპერაციაო . რაც ყველაზე სასაცილოა ,სამშობლოს ღალატის მუხლი მოგვიყენეს. რაც შემდეგ გაპროტესტდა საერთაშორისო ორგანიზაციებში. როგორ შეიძლება სამშობლოს უღალატოს ადამიანმა? მაგრამ, მიშას ასე ეგონა, თვითონ იყო სამშობლო. მიშას თუ შეეწინააღმდეგბოდი, ე.ი სამშობლოს ღალატობდი. ამ დაპატიმრებების შედეგად ჩვენი პარტიის თავმჯდომარე მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს ციხეში . სასწაულია ის, რ ომ ამ ვითომ დემოკრატიულმა მთავრობამ რომელიც შემდეგ ბიძინას სახით მოგვევლინა, ისიც კი ვერ გაიმეტა, რომ თემურ ჟორჟოლიანისთვის პოლიტპატიმრის წოდება მიენიჭებინათ. პრინციპში არც გვჭირდებოდა, მაგრამ ეს ბოდიშის მოხდის ჟესტი იქნებოდა. შემდეგ სტრასბურგიდან მოვიდა დირექტივა და იძულებულები იყვნენ, გავემართლებინეთ.

დღესაც ე.წ. ოპოზიცია, ხელისუფლება უნისონში, ჰარმონიულად ერთად არიან და ერთად ძარცვავენ და არბევენ ამ ქვეყანას. თითზე ჩამოსათვლელია საქართველოში პარტიები, რომელთაც გამოკვეთილი იდეოლოგია გააჩნიათ, როგორც ჩვენს პარტიას. ჩვენ გვინდა მონარქია, მომავალი, რომ საქართველო დამშვიდდეს და განვითარება დაიწყოს. ასეთ პარტიებს უნდა მოვუწოდოთ, დავსხდეთ, დავილაპარაკოთ. იმიტომ, რომ თუ კიდევ 4 წელი ესენი მოვიდნენ, საქართველოს მომავალი აღარ ექნება. საქარღვლოს დაიშლება, მორალურად, სულიერად, იმხელა შეტევებია მათი მხრიდან, ეკლესიაზე, სულიერებაზე, მონარქიაზე, ხალხს გამოსავალი აღარ აქვს და გარბიან საქართველოდან“– განაცხადა კობრავამ.