რომელ ნდობაზე საუბრობს, ვინ ენდობა? ის ხალხი, რომელიც სასიკვდილოდ გაწირა, თუ ის ადამიანები, რომლებიც უყურებდნენ, როგორ გარბოდა და დაცვას როგორ გადაასწრო სირბილში?- ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.
გია ვოლსკის თქმით, აღნიშნულ პირებს პანიკის ატეხვა სურთ, რათა რაღაც ხერხით პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ.
„კაცმა გაასწრო თავის დაცვას და მიატოვა ხალხი, სამოქალაქო პირები დაიღუპნენ, როდესაც ოკუპაციის პროცესი მიმდინარეობდა. მან ზუსტად იცოდა, რომ ოკუპაცია მოხდება და ბოლომდე გვარწმუნებდა, რომ არანაირი საშიშროება საქართველოს არ ემუქრება. რომელ ნდობაზე საუბრობს, ვინ ენდობა? ის ხალხი, რომელიც სასიკვდილოდ გაწირა, თუ ის ადამიანები, რომლებიც უყურებდნენ, როგორ გარბოდა და დაცვას როგორ გადაასწრო სირბილში. თუ გარკვეულ პერიოდში საზოგადოების გარკვეული ნაწილი დაფრთხა და შეშინდა, არ შეიძლება მას უკიჟინო, რომ არსებობს უფრო მძიმე მდგომარეობა, ვიდრე რეალობაშია. საქართველოში ყველაფერი კეთდება იმისათვის, რათა ვირუსის გავრცელება არ მოხდეს და ინფიცირებული ადამიანიც დროულად აღმოაჩინეს სწორედ პროფესიონალიზმის ხარჯზე. განცხადებას, რომ აკეთებს ხეპრულს, ლეიბორისტების ლიდერი ის კი არ არის უბედურება, რომ ის იტყუება, უბედურება ისაა, რომ ის ამ შემთხვევაში განზრახ იტყუება. მათ სურთ ისეთი პანიკის ატეხვა, რომ რაღაც ხერხით პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის აზრით, საოკუპაციო ხაზების ჩაკეტვა და პანიკაში ყოფნა არის უმძიმესი ფსიქოლოგიური გამოცდა როგორც ქართველების, ასევე ოსებისა და აფხაზების, რომელთაც ისედაც არ აქვთ შესაძლებლობა, რომ გადმოკვეთონ საზღვარი, მიიღონ სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება და კიდევ უფრო ამძიმებენ ამ სიტუაციას.