“პოლიტიკური კორონავირუსი” ანუ რა პრეტენზიებს უყენებენ ირანში ამერიკას

“ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ აშშ-მ კორონავირუსს ახალი ვირუსი დაუმატოს” – აღნიშნა თავის ამასწინანდელ გამოსვლაში ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ. თუმცა მას მხედველობაში ჰქონდა არა რაიმე ახალი ვირუსი, არამედ ამერიკული პროპაგანდის მანქანა.

“პოლიტიკური კორონავირუსი” – ასეთი ტერმინი გაჩნდა, ირანის ერთ-ერთი მკვლევარის მიერ გამოგონილი და ასახავს ვითარებას, თუ რა გამოწვევების წინაშე დადგა ირანის ხელისუფლება, გარდა ინფექციური კორონავირუსისგან თავისი მოსახლეობის გადარჩენისა. აშკარაა ამერიკელების მიერ კორონავირუსის თემის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მცდელობა, რათა მოხდეს ირანის დისკრედიტაცია.

ირანელთა სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი-აკბარ ხამენეიმ 23 თებერვალს, სტუდენტებთან შეხვედრისას გამოთქვა მოსაზრება, რომ საერთაშორისო მასმედია შეეცადა, ირანელები დაეშინებინა არჩევნების წინ, რათა ხალხი არ მისულიყო საარჩევნო ურნებთან. ამასთან, სულიერმა ლიდერმა მადლობა გადაუხადა ხალხს, არჩევნებზე აქტიურობისათვის. თუმცა, ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებზე, 21 თებერვალს ამომრჩევლების მხოლოდ 42 პროცენტი მივიდა ხმის მისაცემად, რაც ისლამური რესპუბლიკის ისტორიაში მოსახლეობის აქტიურობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამ მხრივ, სულიერი ლიდერი მართალია, კორონავირუსის თემის აჟიტირებამ, შესაძლოა, ხალხის აქტიურობაზე იმოქმედა.

ამასთან, აიათოლამ ისიც აღნიშნა, რომ ისლამური რესპუბლიკის 41 წლის არსებობის მანძილზე 37 ესა თუ ის არჩევნები გაიმართა, რაც მოწმობს, რომ ირანი დემოკრატიული სახელმწიფოა. რაც შეეხება 21 თებერვლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს: დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს კონსერვატულმა და დასავლეთის მიმართ მკაცრი კურსის მომხრეებმა. მომდევნო პარლამენტის 290 წევრიდან 221 თავს ფუნდამენტალისტად (კონსერვატორებად) ანუ „ხისტი კურსის“ მომხრედ მიიჩნევს, მხოლოდ 20 პარლამენტარი ითვლება რეფორმატორად. 15-კაციანი ბლოკი ეკუთვნის ყოფილი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის გარემოცვას, რომელიც ასევე არის პროგრესული კონსერვატიზმის მომხრე. კიდევ 33 ადგილი დაიკავეს კანდიდატებმა, რომლებიც არ ასოცირდებოდნენ არც ფუნდამენტალისტებთან და არც რეფორმატორებთან. ამასთან, უცნობია 11 ადგილის ბედი, რადგან არც ერთ კანდიდატს არ მიუღია უმრავლესობა ამ ოლქებში და მათი ბედი გადაწყდება ხმის მიცემის მეორე ტურში.

ირანის ახალი პარლამენტი ასახავს ძალაუფლების ნამდვილ ბალანსს ირანის ხელმძღვანელობაში. ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი პარლამენტში გააკონტროლებს 123 ადგილს და უმსხვილეს ბლოკს ქმნის. სასულიერო პირები, რომელთაც მჭიდრო კავშირები მცველთა კორპუსთან, კიდევ 43 ადგილს დაიკავებენ. ამრიგად, აჰმადინეჟადის ბლოკის გარეშეც, ფუნდამენტალისტები და მათი მოკავშირე სტრუქტურები დიდი უმრავლესობით ისარგებლებენ. ამერიკელების ხრიკებმა და ოინებმა არ გაჭრა, ირანელი ხალხი საკუთარ ხელისუფლებას ენდო და არა მათ.

დავუბრუნდეთ “პოლიტიკური კორონავირუსის” თემას. ბელგიელი ჟურნალისტი ელია მანიე (Elijah J. Magnier) შენიშნავს, რომ ამერიკელების მხრიდან დიდია ზეწოლა ლიბანსა და ერაყზე, რათა ამ ორმა ქვეყანამ, განსაკუთრებით, ერაყმა, ირანში კორონავირუსის გავრცელების გამო, მოახდინოს მასთან საზღვრების ჩაკეტვა. ეს ფაქტიც მეტყველებს იმაზე, რომ “პოლიტიკური კორონავირუსი” ცარიელ ადგილზე გაჩენილი ტერმინი არ გახლავთ.

რაც შეეხება რეალურ კორონავირუსს, ირანი, რომლის დამორჩილებასაც აშშ მკაცრი ეკონომიკური სანქციებით ამაოდ ცდილობს, აუცილებელი წამლების დეფიციტს განიცდის. 27 თებერვლის მდგომარეობით, ირანში კორონავირუსით 245 დაავადებული და 26 გარდაცვალების ფაქტია დაფიქსირებული. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ირანს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ალბათ თურქეთის შემდეგ, ყველაზე ძლიერი სპეციალისტები ჰყავს მედიცინაში. თანამედროვე ირანული მედიცინა ხელწამოსაკრავი არ გახლავთ. ისლამურ რესპუბლიკაში კორონავირუსისგან უკვე სრულად განიკურნა 54 პაციენტი.

სიფრთხილის მიზნით, სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები ირანში კიდევ ერთი კვირის მანძილზე დარჩება დახურული, თუმცა ქვეყანაში გაუმჯობესების ტენდენციებს ელიან, მით უფრო, რომ თავად ჩინეთი მალე გადალახავს დაავადებების პიკს და ეს ირანზეც დადებითად აისახება.

 

“ნიუსფრონტი – საქართველო”