“კორონა-ნიუსები”: ამერიკაში მეორე პაციენტი გარდაიცვალა, ბერლინში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აშშ-ში კორონავირუსით მეორე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება. 70 წლის კაცს ვაშინგტონის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. აშშ-ში კორონავირუსით პირველი ადამიანი 29 თებერვალს გარდაიცვალა. 26 თებერვალს კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ფრანცისკოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ჩეხეთში კორონავირუსის პირველი 3 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დაავადების სუსტი სიმპტომები ჩეხეთის ორ მოქალაქეს და ამერიკელ სტუდენტს აღენიშნება, რომელიც მილანში იმყოფებოდა. ის პრაღაში სამოგზაუროდ ჩავიდა. ორი შემთხვევა პრაღაში დაფიქსირდა, ერთი კი ქალაქ უსტიში.

ბერლინის სენატის განცხადებით, გერმანიის დედაქალაქში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

პაციენტი, რომლის სქესი და ასაკი არ სახელდება, საავადმყოფოშია მოთავსებული და მკურნალობის კურსს გადის. ექიმებმა უკვე დაიწყეს იმ ადამიანების შემოწმება, რომლებსაც დაინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ.

ბერლინი გერმანიის მე-10 ფედერალური მიწაა, სადაც კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა. მთლიანად ქვეყანაში 130 ადამიანია დაინფიცირებული.

წყარო: “იმედინიუს”.