საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მიხეილ სააკაშვილის შტაბის გახსნის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ეცდება თავის გარშემო შემოიკრიბოს ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი და „დააბულინგოს“ ისინი, რომ მის დაკრულზე იარონ.
მისივე თქმით, სააკაშვილს ავტორიტარული თვისებები და ემოციები აქვს.
„ავტორიტარული ემოციები, თვისებები ამ კაცს აქვს და ვერასდროს იტანს, რომ მხოლოდ ერთ-ერთია მათ შორის, ვინც შეიძლება ოპოზიციურ სპექტრს წარმოადგენდეს. ამის გამოვლინება ხშირად ვნახეთ. მის ქმედებებზე პასუხს ჩვენ ნუ მოგვთხოვთ. ზუსტად ვიცი, რომ ის ეცდება თავის გარშემო შემოიკრიბოს და დააბულინგოს მათ შორის ოპიზიციური სპექტრის დიდი ნაწილი, რომ მის დაკრულზე იარონ. ამას თუ აყვებიან ჩვენი სხვა ოპონენტები, ეს მათი საქმეა, მათზე იმოქმედებს და ამომრჩეველიც შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა მდინარაძემ.