ეკა ბესელია, ოპოზიციის ბოიკოტის პარალელურად სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ესწრებოდა. მას პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ დარბაზიდან იმედგაცრუებული გამოვიდა.
“მე შეგნებულად მოვედი და ამით ხაზგასმა გავაკეთე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინსტიტუტის მიმართ. ზოგადად ყველა პრეზიდენტის გამოსვლას ვესწრები ხოლმე, სააკაშვილიც რომ მოვიდა აქ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, მაშინაც ვიყავი. თუმცა, დღეს დარბაზიდან იმედგაცრუებული და გულდაწყვეტილი გამოვედი. მე ვარ ადამიანი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დროსაც დავდიოდი მის მხარდასაჭერად, მაგრამ დღეს იმედი იმიტომ გამიცრუვდა, რომ მას ჰქონდა შანსი თავისი გამოსვლით შეეცვალა ის ნეგატიური განწყობა, რომელიც მასთან დაკავშირებით არსებობს.
მაგალითად, სასამართლოს თემა, რომელიც ჩემთვის და ამ ქვეყნისთვის არის მთავარი საკითხი და როდესაც ამაზე პრეზიდენტი ამბობს, რომ პროგრესია ამ მიმართულებით და შეფასებას არ აკეთებს იმ ფაქტზე რომელმაც ყველა შეძრა გასული წლის დეკემბერში და როდესაც წარსულში ყველაზე ურეპუტაციო მოსამართლეების დიდი ნაწილი აირჩია ამ პარლამენტმა – ამაზე თავისი სათქმელი უნდა ეთქვა მას. ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ამბობს, რომ ეს იყო ცუდი პროცესი და თემამ პირდაპირ დაარტყა დემოკრატიას – ეს საკითხი მას უნდა შეეფასებინა.
ამ ყველაფერთან ერთად მან თქვა, რომ მხოლოდ იუსტიციის სკოლის რეფორმა მოაგვარებს ამ პრობლემას, არ არის ეს სიმართლე. ველოდებოდი, რომ მეტს იტყოდა პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც ამ საარჩევნო ამბავმა შექმნა, ამასთან ველოდი მის კრიტიკულ განცხადებებს და რადგან ეს არ მოხდა დავრჩი იმედგაცრუებული,” – აღნიშნა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ეკა ბესელიამ.