საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას მმართველი გუნდი ოპტიმისტურად უყურებს.
უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე იმედოვნებს, რომ ორშაბათს მხარეებს შორის კონსენსუსი შედგება და პროცესები ჩიხში არ შევა:
“ისიც ვუთხარით, რომ ბარიერი რამდენიც გნებავთ, შეთანხმდით და მობრძანდით. ვუთხარით, რომ პრინციპი რომელიც აწუხებდათ მათ, 40%-იანი, დაზღვეული იქნება რამდენიმე მექანიზმით. ისიც ვუთხარით, რომ არ აქვს მნიშვნელობა მაჟორიტარული მანდატების რაოდენობას 5-ით მეტი თუ ნაკლები იქნება, რადგან აქ მთავარი პრინციპი იქნება დაცული, ჩვენ ვნახეთ, რომ ე.წ. პოლიტპატიმრების თემა ჩაიხსნა მათივე ხელით, თქვეს, რომ ეს თემა გავწიეთ გვერდზე, კი ბატონო, ძალიან კარგი და ამ პირობებთან დაკავშირებით ჩვენ ვთქვით, რომ შეგვიძლია შევთანხმდეთ, ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.