ეპიდემიის აფეთქებისთვის ვემზადებით – საქართველოში პირბადეების დამზადებას იწყებენ

საქართველოს მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, 6 საწარმოს „ფარმაცევტული საწარმოს“  სტატუსი  მიენიჭა. უფრო მეტიც, სამედიცინო სტატუსის მქონე საწარმოები დამატებითი ღირებულების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდებიან. ამის შესახებ  ოფიციალურ განცხადებას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ, მთავრობის მიერ მიღებული ეს გადაწვეტილება -საქართველოში ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების განვითარებასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, პირდაპირ კავშირშია ქვეყნის მასშტაბით სააფთიაქო ქსელებში გამქრალ სამედიცინო ნიღბებთან.

ქვეყანა ეპიდემიის აფეთქებისთვის ემზადება და აუცილებელი სამედიცინო პროდუქციიის შექმნას იწყებს.

„ფარმაცევტული საწარმოს მიერ საქართველოში წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდება დღგ-სგან გათავისუფლდება ჩათვლის უფლებით;

აღნიშნული გადაწყვეტილება დამატებით რესურს გაუჩენს მწარმოებლებს და სტიმულს მისცემს. ფარმაცევტული პროდუქციის საქართველოში წარმოებას,  ხელს შეუწყობს იმპორტულ საქონელთან მიმართებაში თანაბარი კონკურენციის პირობების და ახალ სამუშაო ადგილების შექმნას“, – წერია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საწარმოებისთვის დაჩქარებულ რეჟიმში სტატუსის მინიჭება დროული ნაბიჯია, რადგან ჩინეთმა და რუსეთმა სამედიცინო პირბადეების ექსპორტზე გატანა აკრძალა.

სწორედ ამის შემდეგ გამოთქვა მზაობა საქართველოს მთავრობამ, რომ საქართველოში სამედიცინო ნიღბების დამზადება დაიწყოს. მაშინვე გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაც, რომ კონკრეტულმა ბიზნესკომპანიებმა პირბადეების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით გამოთქვეს ინიციატივა,

„აღსანიშნავია, რომ ფარმაცევტული ინდუსტრია 2022 წლის 1-ლი იანვრიდან გადადის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტზე – Good Manufacturing Practice (კარგი საწარმოო პრაქტიკა). საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, რისთვისაც გადაიდგა არა ერთი ნაბიჯი, მათ შორის, საგადასახადო ხელშეწყობის მიმართულებით“, – წერია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.