როგორც იქნა საქართველოს მთავრობამ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაზეც “ნიუსფრონტი” თავიდანვე მიუთითებდა: იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა.
მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრებისთვის 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო გახდა, – ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდა.
საქართველოს საზღვრის კვეთისას გარკვეული შეზღუდვები დაწესდა როგორც საქართველოს ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, კერძოდ:
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა.
საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა;
საქართველოს მთავრობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი) მოგზაურობისგან.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა დადასტურებული.
კარანტინის რეჟიმში 162 ადამიანი იმყოფება.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 45 პაციენტია.