„საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც იმყოფებიან იტალიის რესპუბლიკაში და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეძენილი, ან დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები იმ რეისებზე, რომლებიც გაუქმდა საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 6 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩამოსვლას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა“, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვა დროებითია და მოქმედებს იტალიის რესპუბლიკაში შექმნილი ეპიდსიტუაციის რისკების შემცირებამდე.
„საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იტალიის რესპუბლიკასთან დროებით შეწყვიტოს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა. აღნიშნულის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც ჩარტერულ და რეგულარულ რეისებს ახორციელებენ იტალიის მიმართულებით, აგრეთვე იტალიის საავიაციო ხელისუფლებას. შეზღუდვა დროებითია და მოქმედებს იტალიის რესპუბლიკაში შექმნილი ეპიდსიტუაციის რისკების შემცირებამდე. საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც იმყოფებიან იტალიის რესპუბლიკაში და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეძენილი, ან დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები იმ რეისებზე, რომლებიც გაუქმდა საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 6 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩამოსვლას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. ამისათვის საჭიროა საქართველოს მოქალაქეებმა იტალიაში საქართველოს საელჩოს ელექტრონულ მისამართზე hotline.rome@mfa.gov.ge გამოაგზავნონ პირადი მონაცემები, პასპორტის, ბილეთების, ან ბილეთების ჯავშანის ასლები“, – ნათქვამია საგრეო უწყების განცხადებაში.
საზღვარზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდა და იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა.
ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრებისთვის დღეიდან 14-დღიანი კარანტინი სავალდებულოა.
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის უკვე ჯამში 9 შემთხვევაა დადასტურებული. საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალური ვებგვერდის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე 29 თებერვალს, მეოთხე კი 5 მარტს დადასტურდა.
4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3220 ადამიანი ემსხვერპლა, 51,193 კი გამოჯანრთელდა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.