კორონავირუსის ინფექცია 5%-ში მიდის ძლიან მძიმედ, კრიტიკულად – თენგიზ ცერცვაძე

ახალ კორონავირუსის ინფექციას აქვს მრისხანე იმიჯი და მინდა მოსახლეობამ იცოდეს, ეს ასე არ არის, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ანატომიაში“ განაცხადა.

ცერცვაძემ კორონავირუსისა და სხვა რესპირატორული ინფექციების განმასხვავებელ თავისებურებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორონავირუსი დასაწყისში მეტწილად ნელა და უსიმპტომოდ იწყება, რითაც იგი გრიპისგან განსხვავდება. ამასთან, შემთხვევების დაახლოებით 80 %-ში ის მსუბუქად და საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს.

„ახალი კორონავირუსის კლინიკური სიმპტომები პრინციპულად არ განსხვავდება სხვა რესპირატორული ინფექციების, მათ შორის, გრიპის ვირუსის სიმპტომებისგან. ეს არის: ტემპერატურის მომატება, ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, საერთო სისუსტე, ლაბორატორიულად დადასტურებული ლეიკოპენია, ლიმფოპეცია; ასევე, უფრო იშვიათად: თავის ტკივილი – სულ10% შემთხვევაში; სისხლიანი ნახველი – სულ 5% შემთხვევაში, დიარეა – სულ 3% შემთხვევაში. ახლა განსხვავდება თუ არა გრიპისგან სიმპტომებით – მაგალითად მთავარი განსხვავებაა ის, რომ გრიპი იწყება უეცრად., კორონავირუსის ინფექცია უფრო ხშირად იწყება ნელ-ნელა. ეს პრინციპული განსხვავებაა, თუმცა არა იმდენად საიმედო, რომ მას დავეყრდნოთ. ასვე, გრიპის დროს უფრო ხშირია თავის ტკივილი და ამ შემთხვევაში იშვიათია და ასე შემდეგ. საინტერესო მომენტი: ახალ კორონავირუსის ინფექციას აქვს მრისხანე იმიჯი და მინდა მოსახლეობამ იცოდეს, ეს ასე არ არის. სინამდვილეში ერთ-ორ პროცენტის შემთხვევაში დაავადება მიდის საერთოდ უსიმპტომოდ. დაახლოებით, შემთხვევების 80 %-ში ის მიდის მსუბუქად და საშუალო სიმძიმით, 15%-ში მიდის მძიმედ და 5%-ში მიდის ძლიან მძიმედ, კრიტიკულად“, – განაცხადა ცერცვაძე.