ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დასკვნითი ნაწილი დაიწყო. პროექტის ბოლო ეტაპზე ჭავჭავაძის და ყიფშიძის ქუჩების კვეთიდან ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიამდე, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის გამო, მოსახლეობა სპეციალური საშვებით ისარგებლებს, რომლითაც საცხოვრებელ სახლებამდე შეეძლებათ გადაადგილება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ დაათვალიერეს.
“ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი იწყება. ყიფშიძემდე, ქვედა ფენებში მოქცეულია საგზაო ინფრასტრუქტურა. ყიფშიძიდან ვაკის პარკამდე კი დაიწყო კომუნიკაციების შეცვლითი სამუსაოები,” – აღნიშნა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.
“ამ პროექტის ფარგლებში, იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, ხდება ტორტუატების რეაბილიტირება, დაყენდება ახალი ლედ-განათებები, რაც მნიშვნელოვანია, ჩვენი მოსახლეობა სრულად განახლებულ ჭავჭავაძის გამზირს მიიღებენ, რომელსაც ათეული წელია რეაბილიტაცია არ ჩატარებია,” – აცხადებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე.
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია 4 ეტაპისგან შედგებოდა, პროექტის ფარგლებში შეიცვალა მიწისქვეშა ელექტრო და წყლის კომუნიკაცია, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტროტუარებს და განახლდა ასფალტის საფარი. აღნიშნული სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.