იტალიაში ქაოსის ერთგვარი ნიშნები გაჩნდა, კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მენეჯმენტი უაღრესად გართულდა. საქმე ის არის, რომ ვირუსით შეშინებული უამრავი სამხრეთიტალიელი, რომლებიც უფრო მდიდარ ჩრდილოეთში მუშაობენ, სწავლობენ და სხვა საქმიანობას ეწევიან, საკუთარი სახლებისკენ – სამხრეთის მიმართულებით, დაიძრა.
ეს ქმნის ვირუსის გავრცელების საფრთხეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. სამხრეთის რეგიონების მმართველობის ორგანოებში უკიდურესად დაძაბული მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ სახელმწიფო ამ ეტაპზე უძლურია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ადამიანების თვითშეგნებაზე, მათ თავად უნდა უზრუნველყონ საკუთარი იზოლირება და კარანტინული ვითარება. ამასთან, ისინი მუდმივად კავშირზე უნდა იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მედპერსონალთან.
დღესდღეობით, ჩრდილოეთ იტალიაში – მილანიდან დაწყებული, მოდენათი და პადუათი გაგრძელებული და ვენეციით დასრულებული, 16 მილიონი ადამიანი მოექცა “წითელ ზონად” გამოცხადებულ ტერიტორიებზე. მათ ამ ტერიტორიის დატოვება ეკრძალებათ. ყველამ, ვისაც აქვს საშუალება, ქალაქგარეთ მდებარე სახლებს მიაშურა. იტალიაში უდიდესი შიდა მიგრაცია მიმდინარეობს, პანიკის ზღვარზე. გუშინ მატარებლები და ტრასები ხალხით იყო გადაჭედილი.
ეს ვითარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლები ლაღი მოქმედება იტალიასთან მიმართებით, როდესაც ორი კვირის მანძილზე თავს იკავებდნენ ამ ქვეყანასთან მიმოსვლის აკრძალვისგან, ძალზე უპასუხისმგებლო იყო.