თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული ორი ახალი პაციენტიდან ერთ-ერთი ესპანეთიდან ჩამოვიდა, თუმცა მას იტალიელებთან ჰქონდა კონტაქტი.
ეზუგბაიას განცხადებით, ამ შემთხვევაში ზუსტად არაა ცნობილი, თუ რომელი ქვეყნის შემთხვევად შეიძლება ჩაითვალოს.
“ორი ახალი პაციენტიდან ერთი გახლავთ მეოთხე პაციენტის კლასტერში, ანუ მას ჰქონდა კონტაქტი იმ პირთან, რომელიც მეოთხე ინფიცირებული შემთხვევაა. მეორე დადასტურებული შემთხვევა ეს არის ესპანეთიდან ჩამოსული პირი, მაგრამ მას ხანგრძლივი და ხშირი კონტაქტები ჰქონდა იტალიელებთან, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ გეტყვით ეს შემოტანილი შემთხვევა შეიძლება ჩაითვალოს ესპანეთის შემთხვევად, თუ იტალიის შემთხვევად. ამას ამ წუთში ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მოხდება ახალი პაციენტების კონტაქტების მოკვლევა“, – აღნიშნავს ეზუგბაია.
მისივე ცნობით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 34 პაციენტი წევს. ტესტირება ჩაუტარდა 19 პირს, აქედან 2-თან დადასტურდა კორონავირუსი, 1-ის კვლევა ჯერჯერობით კიდევ გრძელდება.
„ვისთანაც უარყოფითი პასუხია მიღებული, ნელ-ნელა გადადიან საკარანტინო სივრცეში“, – აცხადებს ეზუგბაია.
მისივე თქმით, 15 პაციენტიდან, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა, 14 პირი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული