საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება

ოპოზიცია-უმრავლესობის შეთანხმების საფუძველზე მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება. დოკუმენტის ინიცირებისათვის 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

მოგვიანებით კი პლენარულ სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების განმხილველი კომისია შეიქმნება და საყოველთაო სახალხო განხილვის ერთთვიანი პროცესი დაიწყება.

მეათე მოწვევის პარლამენტში ერთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის შემდეგ 120 პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი შევა. მთავრობას კი ის პოლიტიკური ძალა დააკომპლექტებს, რომელსაც მოსახლეობის 40%-ზე მეტი მხარდაჭერა ექნება. ოპოზიცია კი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში განაგრძობს საპარლამენტო ცხოვრებას.

“იქნება სხვადასხვა ტიპის საორგანიზაციო საკითხები, მათ შორის ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ეხება კონსტიტუციაში ცვლილებებს და ინიცირებულია იგი დეპუტატების მიერ, იქნება განხილული ბიუროს ფორმატში იმისათვის, რომ უკვე დაიწყოს შემდგომი პროცედურები, რათა საკონსტიტუციო ცვლილებებმა საგაზაფხულო სესიაზე მოასწროს და მოხდეს შესაბამისი ცვლილებები კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რის შეთანხმებაც მოხდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.