რამდენიმე დღის წინ ვიხსენებდი, თუ როგორ მოწოდების სიმაღლეზე იყო 2018 წლის მაისში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მაშინ მან ხომ ისტორიული წინადადება წარმოთქვა, რომ ოცნებობდა, შეხვედროდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს.
მუდამ ვფიქრობდი, ნუთუ არ შეიძლებოდა პუტინთან შეხვედრა და გასაუბრება ოფიციოზისთვის? იქნებ ვინმე ან რამე კიდეც ხელს უშლიდა ქართულ ზეპურ საზოგადოებას კრემლთან პირდაპირი კავშირის დამყარებაში… დროში ოდნავ უკან რომ გადავინაცვლოთ, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში საზეიმო სუფრაზე პუტინის გვერდით აღმოჩნდა. ლოგიკურად საუბარიც უნდა შემდგარიყო, მაგრამ ….
დავუბრუნდეთ ექს-პრეზიდენტის განცხადებას. მართალია დღეს კარზე 2020 წელია, მაგრამ აქტუალურად ჩავთვალე “პატრიოტთა ალიანსის” და პარლამენტის წევრთან ქალბატონ ადა მარშანიასთან გასაუბრება…
– ქალბატონო ადა, უპირველეს ყოვლისა, უღრმესი მადლობა, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. გთხოვთ, გაიხსენოთ პრეზიდენტ მარგველაშვილის ზეობის წლები…
– მოგეხსენებათ, გიორგი-ბატონი 2013 წლის ნოემბერში იქნა არჩეული ქვეყნის პრეზიდენტად. უკვე დეკემბერში, ფედერალურ არხებზე გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ ის მზად იყო, შეხვედროდა საქართველოს პირველ პირებს. მარგველაშვილმა მაშინ ყველა პარტიის წარმომადგენლები იხმო პრეზიდენტის სასახლეში და ვიხილავდით კრემლის შეთავაზებას მოსალოდნელი შეხვედრის გარშემო. სხვათა შორის, სწორედ იმ პერიოდში ახალი შექმნილი იყო “პატრიოტთა ალიანსი” და მას შეხვედრაზე თქვენი მონა-მორჩილი წარმოვადგენდი.
– ჩაგეჭრებით საუბარში და ანუ მაშინ ყინული დაიძრა ?
– დიახ ! ყოველ შემთხვევაში, ასე სჩანდა. პრეზიდენტმა კიდეც გააჟღერა რუსი კოლეგის შემოთავაზება და დაინტერესდა, თუ ჩვენ რა აზრის ვიყავით. შეხვედრა დახურული იყო. თავისთავად მინდა აღვნიშნო, რომ პრეზიდენტთან შეხვედრა დადებითი ფაქტი გახლდათ. კიდეც გვითხრა, ვიმსჯელოთ, თუ როგორ მოვიქცეთ რუსი კოლეგის ამ განცხადების შემდეგო. მივიღოთ თუ არა შემოთავაზება და რაზე როგორ ვიმსჯელოთო… დასამალი არაა და მე ვუთხარი ბატონ გიორგის, რომ შეხვედრა აუცილებელი იყო და მეტიც, მის ადმინისტრაციაში უნდა შექმნილიყო მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელსაც დაევალებოდა ჩვენი დროებით დაკარგული ტერიტორიების შესახებ საკითხის მომზადება.
– და რა გაგრძელება მოყვა თქვენს შეთავაზებას ?
– მეორე შეხვედრაზე კიდეც ვკითხე, თუ რა მოიფიქრა ბატონმა პრეზიდენტმა, რაზეც მიპასუხა, რომ სხვა გზა უნდა აგვერჩია. კერძოდ, მისი იდეა იყო საერთაშორისო დიდი კონფერენციის მოწვევა ჩვენი დროებით დაკარგული ტერიტორიების გარშემო. ამ კონფერენციაში უნდა ჩართულიყვნენ ევროპელი კოლეგებიც. თუმცა იქვე ვუპასუხე, რომ მის ადმინისტრაციასთან თუ შეიქმნებოდა მუდმივმოქმედი ჯგუფი, ერთი მეორეს ხელს არ შეუშლიდა… სიჩუმემ დაისადგურა ! ისიც ვურჩიე მას, რომ მოსკოვში წასულიყო მაღალი დონის შეხვედრაზე, თუმცა მანამდე თავისთავად ვიზიტის დეტალები მოემზადებინა… ფაქტია, მან ეს საჭიროება ვერ აღიქვა…
– და ამით ამოიწურა თემა ?
– არა, როგორ გეკადრებათ ! ევროპაში ერთ-ერთი ვიზიტის დროს, კვლავ შევახსენე რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის აუცილებლობა, რაზეც მიპასუხა, რომ სამწუხაროდ აზრს ვერ ხედავდა, რადგან ჩრდილოელი მეზობელი კვლავ მოგვატყუებდა. მარგველაშვილს მიაჩნდა, რომ ამ საკითხში საერთაშორისო საზოგადოება უნდა ჩართულიყო აქტიურად. არ ვიცი, რა დავარქვა, ალბათ უფრო აბსოლუტური ინფანტილიზმი ქვია ყოველივეს !
– თავს უფლებას მივცემ და გკითხავთ, რა შედეგი მოიტანა სახელმწიფო სათათბიროში თქვენი ალიანსის ვიზიტმა ?
– პირველ რიგში ვწუხვარ, რომ პოზიტიური არაფერი ხდება ჩვენს ქვეყნებს შორის. ბევრ რამეზე კიდეც შევთანხმებულვართ ვიზიტის ფარგლებში, რომ საჰაერო ხომალდების ეკიპაჟისთვის მიმოსვლა რუსეთის ფედერაციაში უვიზო გახდებოდა. იმაზეც შევთანხმდით, რომ ლტოლვილთა ჯგუფებს თუნდაც მცირეს, უნდა მოენახულებინათ აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთარი მიცვალებულთა საფლავები. მაგრამ, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ქართული მხრიდან ვიღაც გვიშლის ხელს, როგორც რუსული მხრიდან. ე.წ გავრილოვის ღამეს რა მოჰყვა, ალბათ ახსნა და განმარტება არ სჭირდება.
– ე.წ გავრილოვის ინციდენტს ლავროვის დაემატა…
– მომხდარის აღწერა არაა ჩემთვის მარტივი. ბევრს კიდეც გაუხარდა, რაც მოხდა…
რა შეიძლება, ყოველივე აქედან გამომდინარე, რაც ქალბატონმა ადამ მოგვითხრო, ითქვას გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობასა და, ზოგადად, პოლიტიკოსობაზე? ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რომლისგანაც ხალხი კრემლთან თუნდაც მწვავე და კრიტიკული, მაგრამ მაინც დიალოგის დაწყებას ელოდა; ბოლოსდაბოლოს, ეს იდეა მან თავად გააჟღერა… მაგრამ ნაცვლად ამისა, მარგველაშვილმა უპირატესობა ბანალურ რუსოფობულ „ნარატივს“ მიანიჭა და კრემლის ნაცვლად, ბოლოს ნათელაშვილის ოფისში აღმოჩნდა! როგორც ჩანს, სწორედ იქაა მისი ადგილი.
არა, მარგველაშვილი პოლიტიკოსი არ არის…
ბექა კვიციანი
სპეციალურად “ნიუსფრონტ-საქართველოსთვის”