სასტუმროების გარკვეული კატეგორიისთვის საპროცენტო განაკვეთს სახელმწიფო დაფარავს 6 თვის განმავლობაში

4 ნომრიდან 5 ნომრამდე სასტუმროებისთვის 6 თვის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთს სახელმწიფო დაფარავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემირ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, საშეღავათო პირობები დაახლოებით 2000 სასტუმროს შეეხება.

„ძალზედ კარგად აპრობირებული მექანიზმია სასტუმრო ბიზნესისთვის საპროცენტო განაკვეთის დაფინანსების სასესხო მომსახურების კომპონენტი, რომელიც აქამდე გვქონდა აპრობირებული. მაგრამ აქ გავზარდეთ სასტუმროების ზომა – 4 ნომრიდან 50 ნომრამდე სასტუმროებისთვის 6 თვის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთს სახელმწიფო მოემსახურება სახელმწიფო რესურსიდან. ეს შეეხება დაახლოებით, 2000 სასტუმროს.

გარდა ამისა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ გლობალურად ეკონომიკას სჭირდება მხარდაჭერა სხვა ინსტრუმენტებითაც, ამიტომ მთავრობის გადაწყვეტილებით კაპიტალურ ხარჯებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში დამატებით, წლის ბოლომდე ინვესტირებული იქნება 300 მილიონი ლარი. ყველაფერი ეს რომ შევაჯამოთ, არის დაახლოებით 1 მილიარდი ლარის რესურსის ეკონომიკაში მიმართვა ან დატოვება კომპანიების სახით, რამაც ამ ეტაპზე მხარი უნდა დაუჭიროს ჩვენს კერძო სექტორს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ეს არ იქნება საკმარისი და ჩვენ ვნახავთ, რომ გლობალური გამოწვევები და ნეგატიური ზეგავლენა ეკონომიკაზე იქნება მძიმე, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გადაწყვეტილებები მივიღოთ“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ის ზომა, რომელსაც მთავრობა იღებს, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის, საშემოსავლო და ქონების გადასახადების გადავადების ნაწილში, ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს იმას, რომ კომპანიებმა შესაბამისი მხარდაჭერა უნდა გაუწიონ თავიანთ დასაქმებულებს.

„რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ეს არის ჩვენი და მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი“, – განაცხადა გახარიამ.