საქართველოში COVI-19-ის უკვე 25 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. სპეციალისტები დაავადების კიდევ უფრო მეტ გავრცელებას აანონსებენ.
ბოლო მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოში 42 პაციენტია მოთავსებული, მათგან 22 დადასტურებული შემთხვევაა. 3 ინფიცირებული კი საჩხერეში აგრძელებს მკურნალობას. რამდენიმე საეჭვო პაციენტის ტესტის პასუხებს ელოდებიან ლუგარის ლაბორატორიიდან.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, აუცილებელია სერიოზული შემზღუდავი და მკაცრი ღონისძიებების გატარება იმისათვის, რომ საზღვარზე შესაძლო ვირუსის შემოდინების გაკონტროლება მოხდეს.
“ბევრის გამოცდილებას ვითვალისწინებთ, სად, როგორ განვითარდა ინფექცია, ჩინეთი, ევროპის მთელი რიგი ქვეყნები და გვაქვს შესაბამისად სამუშაო სცენარები განვითარების. შემთხვევების მატება იქნება.
უნდა გავატაროთ სერიოზული შემზღუდავი ღონისძიებები, უნდა გავატაროთ მკაცრი ღონისძიებები, რომ ვაკონტროლოთ საზღვრებზე შემოდინება შესაძლო ინფექციის და რაც მთავარია, თუ დაფიქსირდა ინფექცია ადამიანებს ჩავუტაროთ დროული დიაგნოსტიკა და გადაუდებელი მკურნალობა,” – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ახალი შემთხვევა ისევ იტალიას უკავშირდება. პაციენტს ტემპერატურა და ხველება აღენიშნება, თუმცა მისი მდგომარეობა მედიკოსების თქმით დამაკმაყოფილებელია.
“22 პაციენტიდან 7 აქვს ორმხრივი პნევმონია, ფილტვების ანთება, დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო მათი, ვისაც ფილტვების ანთება აქვს, მათგან ერთია მხოლოდ მძიმე.
25-ე შემთხვევას რაც შეეხება, ის საქართველოს მოქალაქეა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას აქვს ტემპერატურის მომატება, ხველა. ყველა ჩვენი პაციენტი გარდა სამისა, დაკავშირებულია იტალიასთან,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.