გულბაათ რცხილაძე: მადლობას ვუხდი ეკონომიკის მინისტრს, ბოდიშს – ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს

მსურს, “ნიუსფრონტ-საქართველოს” საშუალებით გავავრცელო შემდეგი ინფორმაცია: 2019 წლის 1-ლ ოქტომბერს წერილით მივმართე ეკონომიკის მინისტრს, ქალბატონ ნ. თურნავას იმის თაობაზე, რომ რუსეთის საგარეო სამინისტროსთან დაახლოებული ერთ-ერთი ორგანიზაციის საშუალებით, მოსკოვში გაიმართებოდა ქართული პროდუქციისა და მომსახურებების უფასო სარეკლამო აქცია.

მინისტრს შევთავაზე, რომ ეკონომიკის სამინისტროს თავად შეერჩია კომპანიები, რომლებიც ქართული პროდუქციით წარდგებოდნენ მოსკოვში, ფეშენებელურ სმირნოვის სახლში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც მოწვეულნი იქნებოდნენ პოტენციური ბიზნეს-პარტნიორები რუსეთიდან და რუსული მასმედიის მთელი ელიტა (იხ. ფოტო ქვევით).

ქალბატონმა მინისტრმა ყურად იღო ჩემი ეს თხოვნა და მისი რეკომენდაციით, დამიკავშირდნენ ტურიზმის დეპარტამენტიდან, შემდეგ კი უშუალოდ ტურისტული კომპანიების დირექტორები, რომლებმაც დიდი დაინტერესება გამოხატეს ამ ღონისძიებაში მონაწილეობისადმი. ამისათვის ქალბატონ თურნავას მოვახსენებ გულწრფელ მადლობას!

ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს კი ვუხდი ბოდიშს: ღონისძიება დაგეგმილი იყო იანვრის ბოლოს, მაგრამ ტექნიკური მიზეზით მან გადაიწია მარტში. სამწუხაროდ, როგორც ცნობილია, მარტში ევროპის კონტინენტზე კორონავირუსის გავრცელებამ თითქმის აუტანელი ვითარება შექმნა ტურიზმის სფეროში, დეპრესიაშია ბიზნესის უამრავი სფერო. ზოგადი განწყობაც ადამიანებისა უკვე აღარ არის საიმისო, რომ გაიმართოს ტურიზმისადმი მიძღვნილი სარეკლამო ღონისძიება. დღევანდელ პირობებში ასეთი აქციის გამართვა უფრო ანტირეკლამა იქნებოდა, ვიდრე რეკლამა საქართველოსთვის. ამ ფორს-მაჟორის მიუხედავად, მაინც მინდა, რომ ბოდიში მოვუხადო კომპანიების დირექტორებს, რომლებიც ამ აქციას ელოდნენ, მაგრამ აქციამ გაურკვეველი ვადით გადაიწია.

პატივისცემით,

გულბაათ რცხილაძე