უკრაინა 17 მარტიდან ავიამიმოსვლას მთლიანად წყვეტს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და მოუწოდა უკრაინის მოქალაქეებს, სამი დღის განმავლობაში დაბრუნდნენ სამშობლოში.
„3 დღეში ჩვენ ვაჩერებთ რეგულარულ ავიამიმოსვლას და ამ ვადაში უნდა დაბრუნდეთ სახლში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ მათ, ვინც სამშობლოში დაბრუნებას გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხებენ, უნდა მიმართონ უკრაინის საკონსულოებს და საელჩოებს, სადაც იმყოფებიან და უკრაინის ხელისუფლება სპეცრეისებს დანიშნავს.
ზელენსკის განცხადებით, 16 მარტს ასევე ძალაში შევა განკარგულება, რომლითაც უკრაინაში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შესვლა აიკრძალება. გამონაკლისის დაიშვება დიპლომატებისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. აღნიშნული ზომები პირველ ეტაპზე ორი კვირის განმავლობაში იქნება ძალაში.
კიპროსის ხელისუფლებამ უცხოელი მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლა აკრძალა. ამის შესახებ განცხადება გააკეთა კვიპროსის პრეზიდენტმა, ნიკოს ანასტასიადესმა.
კვიპროსში დადასტურებულია ახალი კოროვირუსით ინფიცირების 21 შემთხვევა.
”ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ევროპა არის პანდემიის ცენტრი. დროებით უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის ქვეყანაში შემოსვლა იკრძალება, რადგან სხვა არჩევანი არ არსებობს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
15 მარტიდან 15 დღის განმავლობაში კიპროსის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება ყველა პირს, გარდა: კვიპროსის მოქალაქეებისა; კვიპროსის რესპუბლიკის ლეგალური რეზიდენტებისა; კვიპროსში მომუშავე ევროპის ქვეყნების მოქალაქეების, დიპლომატიურ წარმომადგენლების, ევროპის ან მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა, ვინც გადაუდებელ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ ან სწავლობენ.
ანასტასიადესის თქმით, გამოცხადებული ზომები არ იმოქმედებს ქვეყნის სავაჭრო საქმიანობაზე, ვინაიდან საქონლის იმპორტსა და ექსპორტზე შეზღუდვები არ დაწესდება.