რა განსხვავებაა კორეელებს და იტალიელებს შორის და რა უნდა იღონოს საქართველომ

“ამერიკის ხმა” დაუკავშირდა იტალიაში მოღვაწე ქართველ ექიმს ბატონ ბუბა კალანდაძეს, რომელიც, მართალია, არ გახლავთ ეპიდემიოლოგი, იგი ქირურგია, მაგრამ ნებაყოფლობით ეხმარება თავის იტალიელ კოლეგებს კორონავირუსის პანდემიასთან უმძიმეს ბრძოლაში. გთავაზობთ, ჩვენი აზრით, საყურადღებო მომენტს ამ ინტერვიუდან:

ჯანდაცვის რამდენიმე სპეციალისტისგან მომისმენია, რომ სამხრეთ კორეაში უფრო სწორი მართვა მოხდა, სადაც მასობრივი ტესტირების სტრატეგია აირჩიეს. მობილური ცენტრებიც კი გაიხსნა, სადაც ანალიზს მანქანიდან გადაუსვლელად იღებენ. ფაქტია, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი იტალიაში დღეს 7.17 პროცენტამდე გაიზარდა, სამხრეთ კორეაში კი ფატალობა 1 პროცენტს არ აღემატება, ნაკლებიცაა. როგორ გგონიათ, რა არის ამის მიზეზი?

კი ბატონო, მესმის რასაც ამბობთ. მე არ ვარ ჯანდაცვის მართვის სპეციალისტი და ეს ჩემი კომპეტენციების ზღვარს სცდება, მაგრამ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, გეტყვით. რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს აქ და შევეცდები მოკლედ ავხსნა.

პირველი: ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული მხარე. სამხრეთ კორეელები გაცილებით კანონმორჩილები არიან, ვიდრე იტალიელები. ისინი გამოირჩევიან ხაზგასმული პატივისცემით სხვების და საკუთრი თავის მიმართაც. ჩემი აზრით, ისინი კონტაქტთან დაკავშირებით რეკომენდაციებს და ასევე – ჰიგიენის წესებს, გაცილებით უკეთ იცავენ.

ამას ემატება ის ფაქტი, რომ მათ ძალიან კარგად აქვთ დანერგილი და განვითარებული ახალი ტექნოლოგიები და აპლიკაციები. ამ ტექნოლოგიების მეშვეობით, ხდება ინფექციის გავრცელების მონიტორინგი, ჯგუფების დადგენა, გამოვლენა, გამოცალკევება და შესაბამისად, ვირუსის გავრცელების მასშტაბის შემცირება.

და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ესაა სწორედ ის, რაც თქვენ თქვით: მასობრივი ტესტირება. როცა ბევრ ანალიზს აკეთებ, მეტი დაავადებული ვლინდება და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც ამ დიდ მასაში, გაცილებით დაბალია. არც იტალიაში და რამდენადაც ვიცი, არც ამერიკაში, პროცენტულად ამდენი ანალიზი არ კეთდება, როგორც სამხრეთ კორეაში, ხომ? შესაბამისად, რაკი უსიმპტომოებს და მსუბუქი ფორმის მქონე პაციენტებს ჩვენ ანალიზსაც არ ვუღებთ, გამოდის, რომ არ გვაქვს სრული სურათი დაავადებულების. ჩვენ მარტო იმათ აღვრიცხავთ, ვინც საავადმყოფოში მიდის. გამოდის, რომ უფრო მძიმე ფორმის დაავადების მქონეთა მცირე ჯგუფში, ფატალობის უფრო მაღალ პროცენტს ვიღებთ. ჩვენ რომ იმდენივე ანალიზს ვაკეთებდეთ და ასეთი კარგი აღრიცხვა გვქონდეს, სამხრეთ კორეის მსგავსი შედეგი გვექნებოდა სტატისტიკურად. მე ასე მგონია. თუმცა, 100 პროცენტით, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი.

ქვეყნები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და ერთი და იგივე მოდელი ყველგან არ მუშაობს. იტალია განსხვავებულია და ვერც ჩინეთის მოდელი იმუშავებდა ზუსტად ისევე ჩვენთან, რადგან ჩინეთი ავტორიტარული ქვეყანაა და იქ რეგულაციები უფრო მკაცრად არის დაცული, ვიდრე თუნდაც სამხრეთ კორეაში. ის რასაც ჩინეთი ერთ დღში აკეთებს, გამორიცხულია იმავე დროში სხვაგან გააკეთო, ამიტომ არათუ იტალიის, არამედ ჩინეთის და სამხრეთ კორეის შედარებაც არ შეიძლება ჩემი აზრით, ერთმანეთთან.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენთვის იტალიაში და საერთოდ, სხვა ქვეყნების უმეტესობაში, მთავარი გამოსავალი, ერთადერთი გამოსავალი არის მარტო კონტაქტის შეზღუდვა, იზოლაცია. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.

რა გაკვეთილი შეიძლება იყოს იტალიის გამოცდილება საქართველოსთვის? კულტურულად, მენტალურად, აშკარად საქართველო გაცილებით უფრო ახლოსაა იტალიასთან, ვიდრე ვთქვათ – სამხრეთ კორეასთან, ამერიკასთან, ან ჩინეთთან.

მე მგონია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს პოლიტიკა და ამ ნახევრად გადადგმული ნაბიჯებიდან, მკაცრ, დრამატულ ზომებზე გადავიდეს. სწორი იყო, რომ თავის დროზე დაიკეტა სკოლები. მაგრამ, ეს საკმარისი არ არის, უნდა დაიკეტოს ყველაფერი, ყველა საჯარო თავშეყრის ადგილი. თითო დღეს აქვს მნიშვნელობა, რომ სიტუაცია კონტროლიდან არ გამოვიდეს და სავალალო შედეგები არ მივიღოთ. სასწრაფოდ უნდა დაიკეტოს რესტორნები და ბარები.

სანამ გვიანი არ არის, საქართველომ უნდა მიბაძოს იტალიის მაგალითს, ვიდრე ჯერ კიდევ დაბალია ინფიცირებულთა რაოდენობა. აქ დავაგვიანეთ კარანტინის შემოღება და ძალიან არ მინდა, იგივე მოხდეს საქართველოში. დღესვე უნდა დაკეტოს სახელმწიფომ ყველაფერი, აუცილებელი საჭიროების ადგილების, აფთიაქების და მაღაზიების გარდა.

უნდა შეწყდეს ყოველგვარი ზედმეტი გადაადგილება, მოძრაობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მკაცრი იზოლაცია და ჰიგიენა – სხვა გამოსავალი არ არსებობს. თან, არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც ასე იქნება, მერწმუნეთ. გერმანიაც ამ გზას ადგას.

მინდა გითხრათ, იტალიელები კიდევ შედარებით უფრო დამჯერი ხალხია. თითქმის ყველა სახლშია დღეს და გარეთ არავინ აღარ გამოდის, თუ აუცილებელი არაა. თუმცა, ეს დასაწყისში იოლი არ იყო და თავიდან, ლომბარდიაში გამოცხადებული პირველი კარანტინიდან, ათასობით ადამიანი გაიქცა.