როცა ტემპერატურა 30 გრადუსს გადააჭარბებს, კორონავირუსის აქტივობა მინიმუმამდე დაეცემა

მეცნიერებმა გაარკვიეს რომელი ტემპერატურაა იდეალური კორონავირუსის გავრცელებისათვის.პეკინი, 13 მარტის განცხადება:

სუნ იატსენის უნივერსიტეტის (ქალაქი ჩჟუნშანი, ჩინეთი) მეცნიერებმა შეისწავლეს COVID-19 ინფექციის გამომწვევი SARS-CoV-2 ვირუსის გავრცელების თავისებურებები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ პათოგენის გადაცემისათვის ყველაზე იდეალურია 35-50 % ტენიანობა და 5-დან 8,72 გრადუსამდე ტემპერატურა.
სპეციალისტებმა გააანალიზეს პერიოდი 20 იანვრიდან 4 თებერვლამდე, როდესაც ჩინეთში და კიდევ 26 ქვეყანაში დარეგისტრირებული იყო დაავადების 24 139 შემთხვევა. იმ დროისათვის ხუბეის პროვინციიდან უკვე გამოსული იყო პაციენტთა 68,01 %. მეცნიერებმა გაითვალისწინეს SARS-CoV-2 ინფექციის ინკუბაციური პერიოდი და ცალკეულ ქვეყნებში თანდათანობით დანერგილი საკარანტინო ზომებიც.
შედეგად ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ SARS-CoV-2 ინფექციის აქტივობა მცირდებოდა, როგორც კი სითბო 8,72 გრადუსს აჭარბებდა, 30 გრადუს ტემპერატურაზე კი ინფექციის გავრცელების აქტივობა ნულამდე ეცემოდა.
ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელებისათვის პრაქტიკულად ხელშემწყობი და იდეალური პირობების შემქმნელი ნაადრევად დაწყებული გაზაფხული გახდა, როცა ტემპერატურამ 5 გრადუსს გადააჭარბა!
ამ განცხადების მიხედვით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვირუსის აქტივობა ჩვენში გვიანი გაზაფხულისთვის შემცირდება, როცა გარემოს ტემპერატურა მოიმატებს, ხოლო ზაფხულისთვის, როცა 30 გრადუსს გადააჭარბებს – აქტივობა მინიმუმამდე უნდა დაეცეს.