საქართველოს სამკერვალო საწარმოები მზად არიან,დაიწყონ პირბადეების წარმოება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სამკერვალო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა პირბადეების აქტიურ რეჟიმში წარმოების დაწყება იყო.

 

კომპანიების ხელმძღვანელებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, საპრევენციო ღონისძიებების განხორციელებაში მაქსიმალური ძალისხმევითა და რესურსებით გვერდში დაუდგნენ სახელმწიფოს და მოქალაქეებს.

„იმის გამო, რომ დღეს საქართველოში პირბადე და სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალებები გარკვეულ პრობლემად რჩება, ჩვენ, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მზად ვართ, ამ პროცესში აქტიურად ჩავერთოთ და პირბადეების გარკვეული ნაწილი უსასყიდლოდ შევთავაზოთ სახელმწიფოს და საქართველოს მოსახლეობას“, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომპანია „აჭარა ტექსტილის“ წარმომადგენელმა, გიორგი ლომინაძემ.

კორონავირუსის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერის მზაობა გამოხატა კომპანიამ „მოვი.“ როგორც კომპანიის წარმომადგენელმა, ანა ანდრონიკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საწარმო ჩართულია პირბადეების წარმოებასთან დაკავშირებით პროცესში.

„დღეს მინისტრმა განაცხადა, რომ შეზღუდვები არ დაწესდება ლოგისტიკასთან დაკავშირებით, ჩვენ მაქსიმალურად ვდგავართ სახელმწიფოს გვერდით და ამისკენ მოვუწოდებთ სხვა მწარმოებლებსაც“, – აღნიშნა ანა ანდრონიკაშვილმა.

ფარმაცევტული კომპანია „სმარტ ფარმის“ განცხადებით, კომპანია მზად არის, მარლის არსებული ნაშთი უფასოდ გადასცეს სახელმწიფოს პირბადეების წარმოებისთვის.

„ჩვენმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი, რომ მარლის არსებული ნაშთი გადასცეს სახელმწიფოს უფასოდ, რათა შეუფერხებლად განხორციელდეს პირბადეების წარმოება. მომდევნო ეტაპზე, მომდევნო მოწოდებასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად ვიყოთ ჩართულები, რომ შეუფერხებლად მოხდეს მარლის იმპორტი და მიწოდება იმ წარმოებისთვის, რომლებიც მზად არიან და გამოხატეს პასუხისმგებლობა, რომ ჩაერთონ წარმოებაში და მხარში დაუდგნენ სახელმწიფოს“, – განაცხადა „სმარტ ფარმის“ წარმომადგენელმა, თეა მგალობლიშვილმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.