დღეს უნდა გახდეს ცნობილი გამოჯანმრთელდა თუ არა COVID 19-ით ინფიცირებული რიგით მე-3 პაციენტი. დანარჩენ პაციენტებთან დაკავშირებით სიტუაცია არ შეცვლილა. 4-ის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ რამდენიმე საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, დღის განმავლობაში ლუგარის ლაბორატორიიდან 6 პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან.
“მესამე პაციენტთან დაკავშირებით პირველი პასუხი არის უარყოფითი, მეორე პაციენტის ანალიზის პასუხი დღეს დილით უნდა მივიღოთ, თუ დღესაც უარყოფითი მოგვივა, რა თქმა უნდა – გაეწერება, თუ არა და შეიძლება რამდენიმე დღე დავტოვოთ.
არიან პაციენტები, რომლებსაც უკვე ვფიქრობთ, რომ არანაირი გართულება არ ექნებათ, რადგან გარკვეული ვადა გავიდა და არიან პაციენტები, რომლებზეც ჯერ კიდევ ვაწარმოებთ დაკვირვებას, რადგან ახალი შემოსულები არიან და შესაძლოა მათი დინამიკაში დამძიმება,” – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფიცირებულების რაოდენობა არ გაზრდილა, ხოლო იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც დანარჩენთან შედარებით მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, გაუმჯობესებულია.
“ინფიცირებულების რაოდენობა ამ მომენტისთვის შეცვლილი არ არის. ქვეყანაში არის 33 ინფიცირებული პაციენტი. 12 პაციენტს აქვს პნევმონია, 4-ს ვთვლით პრობლემურად, მაგრამ პირველი, ვინც ყველაზე მძიმედ იყო, მან გაიარა სიმძიმის პიკი და წავიდა გაუმჯობესებისკენ,” – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.