მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო ქსელის Amazon-ის რეიტინგების თანახმად, ამა წლის თებერვალსა და მარტში დასავლეთის ბაზრებზე გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი გახდა წიგნი, რომელიც თბილისურმა კოპანიამ Europe Studies Labor (ESL) Georgia-მ გამოსცა.
წიგნი ვლადიმირ პუტინის შესახებ მოგვითხრობს – “ვლადიმირ პუტინი – თანამედროვე კაცობრიობის ლიდერი. ხედვა შორეული ბენგალიიდან”. წიგნის ავტორი ბანგლადეშის მოქალაქე, აშოკ გუპტაა.
პროექტის ავტორი და კომპანია ESL-ის ხელმძღვანელი დავით ფურცხვანიძე “ნიუსფრონტთან” საუბარში ამბობს, რომ ნაშრომი პუტინის შესახებ (ეს წიგნის პირველი ნაწილია) თავის გაგრძელებას ჰპოვებს მსოფლიოს სხვა ლიდერების შესახებ წიგნების სერიის გაგრძელებით. დაგეგმილია დონალდ ტრამპზე, სი ცძინპინზე, ნურსულთან ნაზარბაევზე, სილვიო ბერლუსკონიზე წიგნების გამოცემა. საქართველოს აუდიტორიის ინტერესის გათვალისწინებით, შესაძლოა, ასევე გამოიცეს ობიექტური წიგნი ბიძინა ივანიშვილის შესახებაც.
ავტორების შერჩევის პრინციპია მათი მაღალი პროფესიონალიზმი და ნეიტრალურობა, რომელიც მიიღწევა იმით, რომ ავტორი თავისი კვლევის ობიექტის რეზიდენტ ქვეყანაში არ ცხოვრობს და მისგან სრულიად დამოუკიდებელია. ამიტომაც არის, რომ პუტინის შესახებ ბანგლადეშელი ავტორი წერს.