“მთავრობებს უყვართ კრიზისები!” – რონ პოლის სტატია, რომელიც აუცილებლად წასაკითხია

ექსკლუზიურად ქართველ მკითხველებს ვთავაზობთ ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსის, რონ პოლის სტატიის თარგმანს, რომელიც თავისივე ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა 16 მარტს – “მთავრობებს უყვართ კრიზისები“:

მთავრობებს უყვართ კრიზისები იმიტომ, რომ როდესაც ადამიანებს ეშინიათ, ისინი უფრო იოლად ამბობენ უარს თავისულებებზე დაპირებების სანაცვლოდ, რომ მთავრობა იზრუნებს მათზე. მაგალითად, 11 სექტემბრის შემდეგ ამერიკელებმა უსიტყვოდ მიიღეს თავიანთი სამოქალაქო თავისუფლებების სრული განადგურება, “პატრიოტის” კანონის სანაცვლოდ.

ირონია იმაში მდგომარეობს, რომ დემოკრატები, რომლებიც გასულ თვეში პრეზიდენტ ტრამპის პასუხისგებაში მიცემას ცდილობდნენ, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისათვის, ახლა თანახმანი არიან, რომ მისმა ადმინისტრაციამ სულ უფრო მეტი ძალაუფლება მიიტაცოს ვირუსთან ბრძოლის სახელით, ვირუსთან, რომელმაც აქამდე მხოლოდ ერთ ასეულზე ნაკლები ამერიკელის მოკვლა შეძლო.

როდესაც პანდემიასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ტრამპმა გასულ პარაკევს საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, მან განაცხადა, რომ აქვს უფლება, მოახდინოს იმ პირთა იზოლირება, რომლებიც ინფიცირებულობაში იქნებიან ეჭვმიტანილნი. როგორც ტრამპი წერს, მას უფლება აქვს “გააჩეროს და დააკავოს ნებისმიერი თვითმფრინავი, მატარებელი ან ავტომანქანა, რათა შეაჩეროს გადამდები დაავადების გავრცელება”. მას შეუძლია, სამხედროები მოიწვიოს მთელი ქალაქის ან სულაც შტატის ალყაში მოსაქცევად.

შტატის და ადგილობრივ ავტორიტარული ხასიათის ადამიანებს ასევე უყვართ პანიკა. ილინოისის შტატის ქალაქ შამპეინის მერმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის ძალითაც მას აქვს უფლება, აკრძალოს იარაღისა და ალკოჰოლის გაყიდვა, ასევე ნებისმიერ მოქალაქეს გაუთიშოს გაზი, წყალი ან ელექტრობა. ოჰაიოს გუბერნატორმა კი თავისი შტატი ფაქტობრივად სულ ჩაკეტა.

ტრამპის ადმინისტრაციაში შიშის მთავარი წყაროა ენტონი ფაუჩი, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ფაუჩი მასმედიაში აშკარა სიცრუეს ავრცელებს, რათა კიდევ უფრო მეტი პანიკა გამოიწვიოს. მან დაუდასტურა კონგრესს, რომ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა ათჯერ უფრო მაღალია, ვიდრე სეზონური გრიპის შედეგად. ამ მოსაზრებას, რა თქმა უნდა, არანაირი სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნია.

ფაუჩიმ ძალ-ღონე არ დაიშურა, რომ კიდევ უფრო მეტი ზარალი მიეყენებინა ისედაც დაზარალებული ეკონომიკისათვის, როდესაც განაცხადა: “აი უკვე ამ მომენტიდან აღარ წავალ რესტორანში”. მან მოითხოვა, მთელი ქვეყანა დაიხუროს 14 დღის ვადით.

მაგრამ რისთვის? ვირუსის გამო, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 5 ათასზე ოდნავ მეტი ადამიანი იმსხვერპლა და აქედან აშშ-ში 100-ზე ნაკლები? ამ ვირუსისგან განსხვავებით, ისეთი ძველი დაავადება, როგორიც ტუბერკულოზია, გაცილებით დიდი ოდენობის მსხვერპლს ითხოვს. 2017 წელს ტუბერკულოზისაგან 1,6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. სად არის პანიკა ამ ფაქტის გამო?

ყოველ შემთხვევაში ის, რასაც ითხოვენ ისეთი ადამიანები, როგორიც ფაუჩია, დაავადებას კიდევ უფრო გააღვივებს. სამხედრო მდგომარეობა, რომელზეც ისინი ოცნებობენ, დამფრთხალ ადამიანებს სახლებში ჩაკეტავს, ნაცვლად იმისა, რომ ისინი ქუჩაში გავიდნენ, პლიაჟზე გაისეირნონ, სადაც მზის შუქი და სუფთა ჰაერია, რაც მათი იმუნიტეტის გაძლიერებას უწყობს ხელს. პანიკა, რომელიც შიშის ამ წყაროთია გამოწვეული, შესაძლოა, დაავადებას გავრცელებაში ეხმარება, რადგან ადამიანების უზარმაზარი ბრბო მიაწყდა სუპერმარკეტებს, სადაც ტუალეტის ქაღალდის ბოლო რულონისათვის ჩხუბობენ ერთმანეთში.

კორონავირუსით გამოწვეული სიგიჟე არ შემოიფარგლება პოლიტიკოსებითა და სამედიცინო თანამეგობრობით. ნეოკონსერვატული ატლანტიკური საბჭოს მეთაურმა ამ კვირაში გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია, რომელშიც მოუწოდებს ნატოს, გამოცხადდეს მე-5 მუხლის ამოქმედება კორონავირუსთან ბრძოლაში! ნუთუ მათ სურთ ტანკებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გაგზავნა მიკროსკოპულ მტერთან ბრძოლაში?!

ადამიანებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ, ხომ შესაძლებელია, რომ კორონავირუსის ეს “პანდემია” უფრო დიდი აფიორა გამოდგეს, დაავადების რეალურ საფრთხესთან შეფარდებით, იმის გამო, რომ მას განზრახ აზვიადებენ ისინი, ვისაც სურთ ფინანსური ან პოლიტიკური სარგებლის მიღება შექმნილი პანიკის წყალობით?

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დაავადება უვნებელია. ეჭვს გარეშეა, რომ ადამიანთა ნაწილი კორონავირუსს ემსხვერპლება. ისინი, ვინც მოწყვლად კატეგორიებს განეკუთვნებიან, უნდა ცდილობდნენ, რომ შეამცირონ ინფიცირების რისკი. მაგრამ ჩვენ ეს “ფილმი” ადრეც ვნახეთ. მთავრობა აზვიადებს საფრთხეს იმის გასამართლებლად, რომ მან წაგვართვას სულ უფრო მეტი თავისუფლებები. მაგრამ როდესაც ვირუსით გამოწვეული საფრთხე აღარ იარსებებს, ხელისუფლება აღარასოდეს დაგვიბრუნებს წართმეულ თავისუფლებებს.–