ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ გუშინ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 13 მარტს იტალიიდან კიევის გავლით საქართველოში ჩამოსული რეისით სხვა ქართველებთან ერთად იმგზავრა სერგი კაპანაძე. კაპანაძემ, მას შემდეგ, რაც მას ყველა სხვა მგზავრის მსგავსად შესთავაზეს კარანტინში გადაყვანა, თურმე ”კონცერტი მოაწყო და ცოცხალი თავით არსადაც არ გადავიდა”.
თავად სერგი კაპანაძემ მალევე ჟურნალისტის ეს ინფორმაცია საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე გააზიარა, ამ ინფორმაციას “ბოდვა” უწოდა და ჯღარკავა დეზინფორმაციისა და ტყუილების გავრცელებაში დაადანაშაულა. თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, კაპანაძე მართლაც იმყოფებოდა კიევში რამდენიმე დღით და ნამდვილად ამ რეისით ჩამოფრინდა. როგორ ის წერს, სხვა მგზავრებთან ერთად გაიარა შემოწმება და მთელი გზა ნიღაბი ეკეთა და შემდეგ ორი დღე იმყოფებოდა იზოლაციაში.
აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მგზავრი უარს აცხადებს კარანტინზე, ყველა რეკომენდაციის მიხედვით ვალდებულია თვითიზოლაციის პირობა დაიცვას მინიმუმ 14 დღის განმავლობაში. ხოლო ის ფაქტი, რომ კაპანაძე, როგორც თავად აცხადებს, მხოლოდ 2 დღე იმყოფებოდა იზოლაციაში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციის პირდაპირი დარღვევააა.