BMG-ის კითხვას – დაიხურება თუ არა ქვეყანაში მოქმედი ღია ტიპის ბაზრობები და დიდი სავაჭრო ქსელები, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი პასუხობს, რომ სწორედ მსგავსი შეზღუდვის მიზანშეწონილობის შესწავლასთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან არის გაცემული დავალება. შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კი მთავრობა საზოგადოებას წინასწარ შეატყობინებს ამ შეზღუდვის შესახებ.
“ეს გადაწყვეტილება დაეყრდნობა იმ რეკომენდაციას, რომელიც იქნება ჯანდაცვის სექტორიდან და ეპიდემიოლოგების მხრიდან. ზუსტად ასეთ შეზღუდვებთან დაკავშირებით არის დღეს დილით უკვე გაცემული დავალება, ჩვენ დღის ბოლომდე დამატებით გვექნება ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და ეს რეკომენდაცია მხოლოდ ამის შემდეგ იქნება გამოცემული და საზოგადოებისთვის გაცნობილი,”- განაცხადა პრემიერ-მიისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირების 40 და განკურნების ერთი შემთხვევა არის აღრიცხული. საქართველოს მთავრობამ ვირუსის ფართო გავრცელების შესაჩერებლად არაერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის რამდენიმე გამონაკლისის გარდა, უცხოეთის ყველა მოქალაქისთვის ქვეყანაში შემოსვლა აკრძალა.