ტრადიციული ერი ვართ, უდიდეს პატივს ვცემთ დღესასწაულებს, მითუმეტეს აღდგომას, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები ამას გაითვალისწინებენ და არ მოხდება დიდი შეკრებები. შეძლებისდაგვარად ცოტა თავი უნდა შევიზღუდოთ, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, როგორ ხდებოდა თვითიზოლაციის თუ კარანტინის დარღვევა, საერთო ჯამში 100-ზე მეტი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. გომელაურის განცხადებით, ამის გაკონტროლება გაგრძელდება და დაემატება ადმინისტრაციული ჯარიმა – 3000 ლარი, მეორე დარღვევის შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება.
„რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც არც თვითიზოლაციაში და არც კარანტინში იმყოფებიან, მათ ეხებათ რეკომენდაციები 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვის შესახებ. ასევე მათ მიეცათ რეკომენდაციები, როგორ უნდა მოხდეს სალარო აპარატთან რიგის დაცვა და დისტანცირება. დიდ სუპერმარკეტებში შეიძლება 10 კაციც და 100 კაციც შევიდეს, მაგრამ იქაც უნდა დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები – პირბადე, დამცავი საშუალებები, დისტანცირება. რესტორნები დაიხურა, მაგრამ თუ იქ შეიკრიბება ხალხი, დაჯარიმდებიან როგორც რესტორნების მეპატრონეები, ასევე დამრღვევი ფიზიკური პირები.
გვიახლოვდება აღდგომის დღესასწაული და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ტრადიციული ერი ვართ, უდიდეს პატივს ვცემთ დღესასწაულებს, მითუმეტეს აღდგომას, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები ამას გაითვალისწინებენ და არ მოხდება დიდი შეკრებები. შეძლებისდაგვარად ცოტა თავი უნდა შევიზღუდოთ“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, ორ კვირაზე მეტია, რაც საქართველომ გაამკაცრა სასაზღვრო რეჟიმი და საზღვრების დაკეტვის შემდეგ პოლიციისთვის ბევრად გაიოლდა სამუშაო.
„უმძიმესი ორი კვირა გვქონდა და ყველა პოლიციელს მინდა მადლობა გადავუხადო. მათ დიდი შრომა გაწიეს ამ ორი კვირის განმავლობაში, პირველი 2-3 დღე ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა ამას თავი გავართვით. დღეს უკვე საზღვრები მთლიანად დაკეტილია, სახმელეთო საზღვრით მხოლოდ ჩვენი მოქალაქეები შემოდიან, გამონაკლისები დიპლომატებზე და შერეულ ოჯახებზე კეთდება. იცით, რომ ტვირთები მოძრაობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის. ყველა სატვირთო ავტომობილის მძღოლი საზღვარზე მოწმდება, კეთდება ავტომობილების კოლონები და პოლიცია მათ მიაცილებს ერთი სასაზღვრო პუნქტიდან მეორემდე, რათა კიდევ ერთხელ დავიზღვიოთ თავი.
ძალიან მნიშვნელოვანია, დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო გვაძლევს – თუ უკიდურესი აუცილებლობა არაა, ნუ გამოვალთ სახლიდან, ასევე არაა აუცილებელი ამ ერთი თვის განმავლობაში ახლობლების და ნათესავების მონახულება. ეს ისევ ჩვენივე მოქალაქეების უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი“, – განაცხადა გომელაურმა.
წყარო: “იმედინიუსი“