საქართველოში ქელეხები, ქორწილები და სხვა მსგავსი ღონისძიებები აიკრძალა

მთავრობა ისეთ სოციალურ ღონისძიებებს კრძალავს, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან, მაგალითად, როგორიცაა ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები.

ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილებაშია ნათქვამი.

ოფიციალური დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით ასევე იკრძალება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია.

ასევე, იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. ამ მუხლის მიზნებისთვის საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელ მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს.

თუმცა, ეს შეზღუდვა არ ეხება:

ა) სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით;

ბ) საზოგადოებრივ ტრანსპორტს, თუ მათზე არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა;

გ) სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.

მთავრობის დადგენილებით ასევე ირკვევა, რომ 10-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა, მათ შორის, იმ კერძო დაწესებულებებში, რომელთა მიმართაც არ ვრცელდება საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა, დასაშვებია ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გათვალისწინებული შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.