პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, ამ წუთებში ბოლნისიდან თბილისში ფეხმძიმე ქალი გადმოჰყავთ,
„ბოლნისიდან საგანგებო სიტუაციების სამმართველომ დაგვირეკა და შეგვატყობინა, რომ ბოლნისიდან მოჰყავთ ორსული, არის დადებითი კორონავირუსზე, ველოდებით პაციენტს, რომ ვნახოთ მისი მდგომარეობა. მას აღენიშნება ცხელება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ტურძელაძემ.
მისი განმარტებით, კორონავირუსი ორსულს სწრაფი ტესტებით დაუდგინდა და მას ლუგარის ლაბორატორიაში გადაამოწმებენ. პაციენტის დაინფიცირების ისტორია ჯერჯერობით უცნობია. ქალს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსებენ.
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 77 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.