ერთს ვიტყვი კიდევ და იმედია, გამგები გაიგებს. დღეს სახლებში გამოკეტილი სამყაროს ჯერ კიდევ მხნედ მყოფი ნაწილის და გაურკვევლობის შიშით შეპყრობილი ადამიანების კიდევ ერთი ნაწილის, ერთ-ერთი საკითხავი ვანგას, ნოსტრადამუსის, კაკულიას და მსგავსთა წინასწარმეტყველებებია (საინტერესოა, რომ ამ ადამიანთა უმეტესობა თავს ნასწავლ, ცივილიზებურ ადამიანებად მიიჩნევენ). უფრო ნასწავლები იოანეს აპოკალიფსს ჩაჰკირკიტებენ. ნაკლებად პრეტენზიულები, ჰოროსკოპებით გადიან ფონს. ყველას საფიქრალი-კორონავირუსი და მისი შედეგებია.
მე ერთ რჩევას მოგცემთ: მოიძიეთ ჩვენი პატრიარქის ქადაგებები! თქვა ამ კაცმა, მიწებს და სოფლებს დაუბრუნდითო, შეიძლება ეს მიწა თქვენი ერთადერთი საზრდოს მომცემი გახდესო; ემიგრანტებო, დაბრუნდით დროზე, შეიძლება, მალე უკან დაბრუნება ვერ მოახერხოთო; ხელების დაბანა და პირადი ჰიგიენის დაცვა სასიცოცხლოდ აუცილებელიაო; მეორედ მოსვლამდე დღეებია დარჩენილიო…
მასხრად აიგდეს, გალანძღეს, ასაკმა მოუწია და აღარ იცის, რას ამბობსო. ახლა გვეუბნება, ხშირად ეზიარეთ, ტაძრებს არ მოშორდეთ და გადავრჩებითო, თან საქართველო გამთლიანდება და გაბრწყინდებაო! არა, იტყუები, ეს არ იქნება, უნდა დავკეტოთ ტაძრები და არავინ არ გაბედოთ ზიარება, თქვენ ჯანდაბამდე გზა გქონიათ, ჩვენ გადმოგვდებთ კორონასო…
მეგობრებო! როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან (რამდენი გვყოლია თურმე, ყველა პოლიტილოგი ეპიდემიოლოგი გახდა) ჯერ მესამე კვირაში ვართ და პიკი მეექვსე, მეშვიდე კვირას იქნებაო – ანუ პიკი უწევს ბზობიდან ვნების კვირაში. აფეთქდება ბოროტი – წარმოგიდგენიათ, რა შანსს აძლევენ უღმერთო ადამიანები? ვნების კვირაში მთელი მსოფლიოს დაკეტილი ტაძრები. არ ვიცი, მე, როდის იქნება მეორედ მოსვლა, მაგრამ მოდი, ღმერთო და ნუ დაუშვებ ამას, რომ კაცობრიობა აღდგომას დაკეტილი ტაძრებით დაელოდოს! საქართველოში ეს არ მოხდება, ნურავის ექნება ამის იმედი!
გამოჩნდნენ უკვე ალაგ-ალაგ მღვდელმთავრები და მღვდლები, რომლებიც ძალიან ცუდად იპრანჭებიან და მოგვიწოდებენ სახლებში ჯდომას! თქვენი არჩევანი თქვენვე უნდა გააკეთოთ! მე გირჩევთ, იმოქმედეთ სინოდის განჩინებით, ანუ პატრიარქის კურთხევით! მღვდელმთავრად ითვლება ჯერ კიდევ ცაავაც (მეხუთე-მეექვსე კვირისთვის ინახავენ ალბათ). მთავრობა ჯერ-ჯერობით არ დგამს რადიკალურ ნაბიჯებს და დიდი იმედია, ასეც იქნება. ამ ბოროტის მოსეული ჭინკების ხროვას კი უნდა გავუძლოთ. თან აუცილებლად უნდა გავუძლოთ ისე, რომ სიყვარული შეგვრჩეს ღმერთისაც და მოყვასისაც და მერე აღდგომა დადგება! ქრისტე აღდგება და სამყაროში სიყვარული და სიმშვიდე დაისადგურებს! არ შეშინდეთ, არ შედრკეთ! ჩვენ ქრისტიანები ვართ! საქართველო დაანახებს სამყაროს, რომ ჯერ კიდევ უყვართ ქრისტე ამ ნამუსდაკარგულ ეპოქაში და ყველა გაიხარებს მერე! სამყაროსთვის ქრისტეს აღდგომის ომახიანად მისალოცად მოვემზადოთ! გავახაროთ ქრისტე და ის ყველას გაახარებს! გონს მოდი, ქართველო! შენ ბევრი რამ შეგიძლია! ნუ ჩამოყრი ყურებს! ამ ჩანჩურა ლიბერალებმა როგორ უნდა შეგვაშინონ! ერთად ქართველნო ქრისტესკენ! გაავრცელეთ! მოუყევით! გაამხნევეთ! და არ დაგავიწყდეთ დისტანცია, ხელების დაბანა და ა. შ. ეგეც აუცილებელია!
დეკანოზი კონსტანტინე ხუროძე
წყარო: ლევან ჩაჩუას “ფეისბუკ”-გვერდი