დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა პაატა იმნაძემ “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ გარკვეული ძალები მის პოლიტიკაში ჩარევას ცდილობენ.
„პოლიტიკოსი არ ვარ და მრევენ პოლიტიკაში. არ მინდა. თავი დამანებონ სუყველამ, იმიტომ რომ ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს. თავი დამანებონ, იმიტომ რომ იმდენი რამ ვიცი, იმდენ ვიღაცაზე. იქ ჭკვიანები ხომ არიან იმ ბანაკში? თავი დამანებონ. ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი, იმათმაც იციან. ხელი რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ? ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი რომ იყო, ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი. ვაფრთხილებ. დაეტიონ თავის ადგილას და სახლში დარჩნენ. ქვეყანას დღეს ეს სჭირდება“, – განაცხადა იმნაძემ.
იმნაძის თქმით, მისი მიმართვის ადრესატებმა იციან ვისზე საუბრობს. მისივე თქმით, უადგილო და უმისამართო შეკითხვები და განცხადებები სპეციალისტებს მუშაობაში ხელს უშლიან და აყოვნებენ.
„ყველას დრო გაუჩნდა. ახლა რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაცია მოითხოვა ჩვენი და ახლა ჩემი დეპარტამენტის უფროსი ლუგარის ლაბორატორიაში, რომელიც ანალიზებს უნდა აკეთებდეს, ზის და რაღაც სისულელე ცხრილებს უხაზავს იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ მერე არ დაგვბრალდეს, რომ ჩვენ საჯარო ინფორმაცია დროულად არ გავეცით. მე ხომ ვიცი ეს კუდები საიდან მოდის. საქმე არ აქვს ამ ხალხს?“ – თქვა იმნაძემ.