“მგონია, რომ დღეს, რაც ვნახეთ სამებაში, იყო სანიმუშო დისციპლინა და პასუხისმგებლობა ჩანდა ძალიან დიდი მორწმუნე მრევლისგან” – ამბობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მღვდელი ანდრია ჯაღმაიძე.
მისი თქმით, დისტანციასთან დაკავშირებული რეკომენდაცია თითქმის ყველა ეკლესიაში გათვალისწინებულია და სრულდება.
“მგონია, რომ დღეს, რაც ვნახეთ სამებაში, იყო სანიმუშო დისციპლინა და პასუხისმგებლობა ჩანდა ძალიან დიდი მორწმუნე მრევლისგან.
ნიშანდობლივია ისიც რომ დღეისთვის არცერთ ეკლესიას არ შეუცვლია ზიარების წესი. არცერთ ეკლესიას! ამიტომ, ყველას რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ. რაც შეეხება ამ საიდუმლოს, ეს არის მსახურების წესი, რომელსაც ვიცავთ”-ამბობს მამა ანდრია ჯაღმაიძე.
თავად პატრიარქი ილია მეორე დღეს ბოდბის მონასტერში ჩავიდა და იქ მოილოცა.
წირვის დასრულების შემდეგ, ილია მეორემ მრევლს ლოცვისკენ მოუწოდა, გაამხნევა და უთხრა, რომ მწუხარებას სიხარული შეცვლის.
“განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს, მწუხარება სიხარულით შეიცვლება”, – ბრძანა უწმინდესმა.
ილია მეორემ ასევე, წმინდა ნინოს სახელობის ახლად აშენებული ტაძარი მოილოცა.
ისევე როგორც თბილისის სამების საკათედრო ტაძარში და სხვა ტაძრებში, ბოდბის მონასტრის ტერიტორიაზეც მორწმუნეები დისციპლინას იცავდნენ და ლოცვას, ტაძრის ეზოში დამონტაჟებული აპარატურის საშუალებით ისმენდნენ და დისტანციის დაცვით იდგნენ.