სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა, კორონავირუსის რაოდენობის მატების მიუხედავად, კრიზისულ ფაზაში არ შევიდეს, ამის შესახებ “დღის კურიერში” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მომდევნო კვირიდან დაავადების შემთხვევების კიდევ უფრო მატებას ელოდებიან, თუმცა წინასწარ ინფიცირების რაოდენობაზე საუბარი რთულია. ხათუნა ზახაშვილის თქმით, ეს ადამიანების სოციალურ დისტანცირებაზეა დამოკიდებული.
“უნდა ვუყუროთ რიცხვის მატებას, თითოეულ რეგიონს, სად როგორი სიტუაციაა და თითოეულმა ადამიანმა უნდა კარგად გააცნობიეროს, ამ შემთხვევაში ადამიანთა სიცოცხლე დგას სასწორზე და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, დარჩეს სახლში,“ – აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, აუცილებელია, დაავადების შემოტევის ტემპი შენელდეს და ნელ-ნელა განვითარდეს, რათა ჯანდაცვის სისტემამ შეძლოს, ყველა მათგანს გაუწიოს მომსახურება.
რაც შეეხება დიაგნოსტიკას, ხათუნა ზახაშვილს არ აქვს ინფორმაცია სწრაფი ტესტების ქვეყანაში შემოტანასთან დაკავშირებით, რადგან, მისი განმარტებით, საკითხი მის კომპეტენციას სცდება, თუმცა ზახაშვილი ამბობს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ტერტირება წარმოებს პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის გამოყენებით, რომელიც ოქროს სტანდარტად არის მიჩნეული.