საგანგებო ვითარების გამძაფრებისა და კომენდანტის საათის პარალელურად, პრემიერმა გიორგი გახარიამ გაკვრით ახსენა ხალხის სოციალური მდგომარეობა.
კერძოდ, პრემიერის თქმით, “ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკა ვერ შეძლებს, ჩვენს ეკონომიკას არ აქვს იმხელა რეზერვები, რომ თვეების განმავლობაში, უმუშევრობის და ეკონომიკის გაჩერების პირობებში, ასუბსიდიროს თითოეული მოქალაქე. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა”.
სხვა სიტყვებით, მთავრობა არ აპირებს არც უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობის, არც მცირეშემოსავლიანების დახმარებას და არ გააჩნია ეკონომიკური სტრატეგია კრიზისულ ვითარებაში. თუმცა, მთავრობამ გადაწყვიტა, 16 მილიონზე მეტი დახარჯოს მაკარონის, შაქრისა და ზეთის შესყიდვაში:
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებებიდან გამოიყოს 16 000 000 ლარი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს 2020 წლის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების განხორციელება“- შავით თეთრზე წერია 26 მარტის მთავრობის 608-ე განკარგულებაში.
აღნიშნულ დოკუმენტში “პირველადი მოხმარების პროდუქტების მარაგების” ცნება გაჩნდა – როგორც ჩანს, ბენდუქიძური ეკონომიკური გუნდის სათაყვანებელი “ბაზრის უხილავი ხელი” აღარ მუშაობს და, თუ ძალიან გაჭირდა, მთავრობის მიერ შემოთავაზებული 5 ათასი ტონა შაქრის, 500 ტონა მაკარონისა და 1 მილიონნახევარი ლიტრი მზესუმზირის ზეთის იმედზე უნდა ვიყოთ.
კითხვები არ არის, ერთის გარდა – აკი ამერიკა გვეხმარებაო?!