ეკლესიის წინააღმდეგ ნებისმიერი საბაბით ბრძოლა გრძელდება. ერთი და იგივე ხალხი წუხს იმაზე, რომ ჩვენი გადაწყვეტილება დაემთხვა რუსეთის ეკლესიას, და იმაზეც, რომ არ დაემთხვა. ძალიან სამწუხარო განწყობებს ვამჩნევ, წინასწარ აანონსებენ, რომ დაავადდა სასულიერო პირი, ერთი სული აქვთ, როდის გაჩნდება ეკლესიის კლასტერი, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საქართველოს საპატრიარქოს პრესმდივანმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
„გარკვეული რეკომენდაციები იქნება, მაგრამ ეს არ გაცდება ბოლო სინოდის გადაწყვეტილებას და მის ოქმში ასახულ რეკომენდაციებს. დაზუსტდება ზოგიერთი დეტალი იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც დაგვიდგა“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, საბოლოო განცხადება დასაზუსტებელი და მღვდელმთავრებთანაა შესათანხმებელი, საბოლოო ჯამში კი ის პატრიარქმა უნდა მოიწონოს. ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წირვები რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართება, ამავდროულად, არ შეიცვლება ზიარების წესი. ჯაღმაიძე უახლოეს მომავალში სინოდის შეკრების საჭიროებას ვერ ხედავს.
„რა სტატისტიკაც გვაქვს, ეს ძალიან ძნელია ზიარებას დაუკავშირო. ვერც ჩინეთში, ვერც იტალიასა და ირანში ვერ ვიტყვით, რომ ზიარების შედეგად გავრცელდა ეს დაავადება. ჩვენი მოსახლეობა ხედავს, რომ ნებისმიერი საშუალება გამოიყენება ეკლესიის დისკრედიტაციისთვის. ჩვენი ეკლესია არის ავტოკეფაკლური, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად. ეკლესიის წინააღმდეგ ნებისმიერი საბაბით ბრძოლა გრძელდება. ერთი და იგივე ხალხი წუხს იმაზე, რომ ჩვენი გადაწყვეტილება დაემთხვა რუსეთის ეკლესიას, და იმაზეც, რომ არ დაემთხვა. ძალიან სამწუხარო განწყობებს ვამჩნევ, წინასწარ აანონსებენ, რომ დაავადდა სასულიერო პირი, ერთი სული აქვთ, როდის გაჩნდება ეკლესიის კლასტერი“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.