პენტაგონის მიერ მიჩუმათებული კორონავირუსი ამერიკის ფლოტს დაერია

ამერიკელებმა დიდხანს მალეს, მაგრამ ვერ დამალეს – კორონავირუსი “19” ფართოდ არის გავრცელებული მათ სამხედროებში. ჩვენ ვიუწყებოდით, რომ ავიამზიდ “თეოდორ რუზველტზე” 3 მეზღვაური დაფიქსირდა ამ დაავადებით, მაგდამ შემდეგ უკვე ბევრად საგანგაშო ინფორმაციები გაჟღერდა.

საერთო ჯამში ამ მომენტისათვის აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში 716 სამხედრო მოსამსახურეს დაუდასტურდა კორონავირუს 19-ის დადებითი პასუხი, ერთი სამხედრო ორშაბათს გარდაიცვალა.

ზემოთ ნახსენები “თეოდორ რუზველტის” კაპიტანმა დღეს პენტაგონში სასწრაფო ცნობა აფრინა თხოვნით, გადაარჩინონ ხომალდის ეკიპაჟი. კუნძულ გუამთან გაჩერებულ ხომალდზე, დახურულ სივრცეში, კორონავირუსმა იფეთქა.

ათეულობით სამხედრო მოსამსახურეს აღმოაჩნდა ეს ვირუსი, ზოგიერთი ცნობით კი, სულაც 100 კაცია ხომალდზე დაავადებული. “თეოდორ რუზველტის” ეკიპაჟი სულ 4 ათასზე მეტ კაცს ითვლის, მათი ერთმანეთისგან იზოლირების საშუალება ავიამზიდზე არ არსებობს; გამომდინარე აქედან, მასობრივი ინფიცირების ალბათობა ძალიან მაღალია.

“ჩვენ ომში არ ვართ, მეზღვაურები არ უნდა იღუპებოდნენ. საჭიროა გადამწყვეტი ღონისძიებების გატარება” – დაწერა თავის მოხსენებაში ხომალდის კაპიტანმა ბრეტ კროზიემ.

მეზღვაურების ევაკუაცია აუცილებელი რისკია, დარწმუნებულია კაპიტანი კროზიე.

აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტის მთავარსარდალმა, ადმირალმა ჯონ აკვილინომ განაცხადა, რომ მეზღვაურთაგან არავინაა ჰოსპიტალიზებული, რადგან კრიტიკულ მდგომარეობაში არც ერთი მათგანი არაა, თუმცა მათ დასაცავად რაღაც ღონისძიებები უკვე ტარდება. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილმა ადმირალმა, ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა ჯეიმს სტავრიდისმა კი გააფრთხილა საზოგადოება, რომ უახლოეს ხანში ამერიკულ ფლოტს ბევრი ანალოგიური შემთხვევა ელის, რადგან სამხედრო ხომალდები იდეალურ გარემოს წარმოადგენს კორონავირუსის გავრცელებისათვის.

გარდა “თეოდორ რუზველტისა”, გასაჭირშია მეორე ამერიკული ავიამზიდიც – “რონალდ რეიგანი”, სადაც ასევე დაფიქსირდა კორონავირუსის აფეთქება “მეზღვაურთა ჯგუფში”.

შეერთებულ შტატებში 1 აპრილის მდგომარეობით, კორონავირუსის თანმდევი ფილტვების ანთებისაგან გარდაცვლილია 4053 ადამიანი, სულ ინფიცირებულია 190 ათასი ამერიკელი.