ესპანეთში შექმნილ ვითარებაზე ჩვენ ვწერდით, რომ სერვანტესის სამშობლოში სოციალ-დარვინიზმმა გაიმარჯვა. შექსპირის სამშობლოში, ინგლისში და მთელს გაერთიანებულ სამეფოში კი, პირდაპირ “ჯუნგლის კანონი” ამოქმედდა – სუსტი (და/ანუ ღარიბი!!) სიკვდილისთვის განწირულია, მასზე ზრუნვითაც არავინ იზრუნებს:
“ამერიკის ხმა” იუწყება:
კოვიდ-19-ის გავრცელების გამო, ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახური (NHS) იძულებული გახდა, სარეანიმაციო განყოფილებაში პაციენტის მოთავსების კრიტერიუმები მნიშვნელოვნად შეეზღუდა. ამ თემაზე ჟურნალისტებს ქვეყნის მთავარი სამედიცინო ოფიცრის მოადგილე, ექიმი ჯენი ჰარისი კვირას ესაუბრა.
ინფორმაციას 164-წლიანი ისტორიის მქონე გამოცემა “დეილი ტელეგრაფი” ავრცელებს. მაღალი რანგის ჯანდაცვის ოფიციალური პირი გამოტყდა, რომ რესურსების სიმცირის გამო, სარეანიმაციო განყოფილებებში გადაყვანისას, პრიორიტეტი ენიჭება კორონავირუსით დაავადებულ იმ პაციენტებს, ვისი გადარჩენის შანსიც უფრო მეტი იქნება.
ექიმ ჰარისის თქმით, ექიმები “საკმარისად დარწმუნებულები” უნდა იყვნენ იმაში, რომ ინფიცირებული ავადმყოფის მდგომარეობა რეანიმაციაში დაწვენით გაუმჯობესდება. “რაც უფრო მეტს ვიგებთ დაავადების შესახებ, უფრო და უფრო ფრთხილად ვირჩევთ პაციენტს, რომელსაც სარეანიმაციო განყოფილებაში დასაწვენად შევარჩევთ”.
ჩვეულებრივ დროში, ეს შანსი დაავადებულების უმეტეს ნაწილს ეძლეოდა. თუმცა, კოვიდ-19-ის პანდემიის ფართოდ გავრცელების გამო, ბრიტანეთის საავადმყოფოებში სიტუაცია შეიცვალა.
ექიმი ამბობს, რომ “ამ ინფექციით, რამდენიმე კვირა ვენტილატორზე ყოფნაა საჭირო. ასეთი ხანგრძლივი დროისთვის რესურსები სწორად უნდა განაწილდეს და საკმარისად დარწმუნებული უნდა იყო, რომ ადამიანი თავს უკეთ იგრძნობს”. ჯენი ჰარისის თქმით, “გარდაცვალების შეყოვნება ორი თუ სამი კვირით, არ არის სწორი არც მათთვის, არც საზოგადოებისთვის”.