საქართველოში უკვე ძალიან ხშირად ვახსენებთ, რომ კორონავირუსის გართულების შედეგად, გარდაცვლილი პაციენტი არ გვყავს და “მთელი მსოფლიო შემოგვცქერის”.
საქმე იქამდე მივიდა, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, პროფესორმა თ. ცერცვაძემ, წინასწარ თავი დაიზღვია და მომავალში შესაძლო მსხვერპლზე ალაპარაკდა. ეს უფრო მკითხაობას ჰგავდა პროფესორი კაცისგან, მაგრამ გვესმის მისიც – გადავძაბეთ ჩვენი ექიმები, სულ სტატისტიკაზე, ციფრებზე ველაპარაკებით და ვალაპარაკებთ მათ!
მიგვაჩნია, რომ ჩვენი სახელოვანი ექიმები, რომლებსაც ყოველ დღე ტელევიზიით ვხედავთ, თავად საზოგადოებამ მოვაქციეთ ზედმეტი წნეხის ქვეშ (ბატონმა ცერცვაძემ ისიც თქვა, ყველაფერი როცა დასრულდება, კარგად უნდა გამოვიძინოო). ყველანი გადასულები ვართ თვლაზე, თუ რომელ ქვეყანაში რამდენი ინფიცირებულია და რამდენი დაიღუპა. მადლობა ჯერ უფალს, შემდეგ ექიმებს, შემდეგ ყველა სხვა სტრუქტურას და პიროვნებას, ვინც ჩართულია ინფექციასთან ბრძოლაში, რომ უმსხვერპლოდ ვართ ამ ეტაპზე. მაგრამ ნამეტანიც ნუ მოგვივა – უამრავი ადამიანი კვდება ყოველ დღე სხვა დაავადებებით, ექიმთან მიუსვლელობით, არასათანადო კვებით და კიდევ მრავალი სხვა უბედურებით, რაც კორონავირუსის საფრთხის ფსიქოზამდე გაბერვით მიგვავიწყდა კიდეც. ამიტომ აუცილებელია, გამოვიდეთ ციფრების მაგიიდან! ნუ ვაქციეთ ციფრი “0” მაგიურად!
მთავრობავ, შეეშვით ეკლესიას და მრევლს, მიხედეთ საკუთარ ჰიგიენას, პირველ რიგში – პარლამენტში, როდესაც ოპოზიციონერმა მდედრმა არსებებმა აგიყროლეს ეგ პარლამენტი და რაღაც საწამლავი გაუშვეს, მაშინ უნდა დაგემყარებინათ “საგანგებო ვითარება” პარლამენტშიც და მთელ ხელისუფლებაშიც. გაგეთვალისწინებინათ 24 თებერვლის ჩვენი რეკომენდაციაც და ჩაგეკეტათ მიმოსვლა იტალიასთან (რაც თქვენ მხოლოდ 6 მარტს გააკეთეთ), ახლა დაავადებულთა მაჩვენებელი ბევრად ნაკლები იქნებოდა!
ისიც გაითვალისწინეთ, რომ შორეულ ყირგიზეთში, დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუს-19-ით დაავადების 111 შემთხვევა აღინიშნა. მაგრამ, მადლობა ღმერთს, როგორც საქართველოში, ისე ყირგიზეთშიც არც ერთი გარდაცვლილი არ ფიქსირდება. ვერაფერს გეტყვით, ყირგიზეთის ტელევიზიაში რას ამბობენ, იქაც ტრიალებს თუ არა ფრაზა – “მსოფლიო ყირგიზეთს შესცქერის!”
გვჭირდება მეტი ღვთის რწმენა, სიმშვიდე, შრომა და ნაკლები ციფრომანია, მკითხაობა – ნუ ვიქნებით ჩაციკლულები სტატისტიკაზე. შეიძლება, ვინმეს ფილტვებმა მართლა ვერ გაუძლოს, ვირუსით გამოწვეული ანთების შემთხვევაში, და გვქონდეს ლეტალური შედეგიც. ეს არ არის პანიკის საბაბი. ქვეყნის პირველი მტერი პანიკაა და არა კორონავირუსი.
გულბაათ რცხილაძე